შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ხელს თუ არ მოაწერს, ორშაბათს მე მოვაწერ ხელს და ცვლილება ამოქმედდება
სალომე ზურაბიშვილი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ხელს თუ არ მოაწერს, ორშაბათს მე მოვაწერ ხელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ცვლილებები ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში იყოს სამართლიანი არჩევნები, ეფექტიანად მომუშავე ცესკო.
„საარჩევნო რეფორმას რაც შეეხება, ვეტო დაძლეულია. როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე არ აპირებს, ხელი მოაწეროს, მიუხედავად იმისა, რომ ვეტო დაძლეულია. არა უშავს, ხელს თუ არ მოაწერს, ორშაბათს მე მოვაწერ ხელს და ამოქმედდება ის ცვლილება, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ იყოს სამართლიანი არჩევნები, ეფექტიანად მომუშავე ცესკო. ჩვენი ნაბიჯი უკვე გადავდგით სხვა ნაბიჯებთან ერთად, რომლებიც ეხება ელექტრონულ ცვლილებებს და ასე შემდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს არაფერი უშლის ხელს ევროკავშირს, რომ საქართველოსთან გახსნას მოლაპარაკებები.
„რაც შეეხება სასამართლოს ნაწილში ცვლილებებს. აქაც ინიცირებულია პროექტი, უფრო სწორად, პირველი მოსმენით მიღებულია და მესამე მოსმენითაც მივიღებთ. ევროკომისია თავის შეფასებას შემოდგომაზე გააკეთებს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ამ ცხრა ნაბიჯის გარეშეც, საქართველო უკრაინასთან, მოლდოვასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით არის ლიდერი ყველაფერში. დღეს არაფერი უშლის ხელს ევროკავშირს, რომ საქართველოსთან გახსნას მოლაპარაკებები. სინამდვილეში, ეს მოლაპარაკებები უნდა გახსნილიყო მაშინვე, დეკემბერში, როდესაც მოლაპარაკებები გაიხსნა უკრაინასა და მოლდოვასთან. დეკემბერში დაიჩაგრა საქართველო, ახლაც იჩაგრება. ქართველი ხალხი ხომ ხედავს და იცის, სად არის უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია-ჰერცეგოვინა ინსტიტუციური განვითარებით, ევროკავშირთან დაახლოებით, კორუფციის, სასამართლოს საკითხების კუთხით და სად არის საქართველო. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე ხედავს უსამართლო მოპყრობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.