შალვა პაპუაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლო თუ კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, ისეთი ვერდიქტია პრეზიდენტის მიმართ, რომ იმპიჩმენტს ვინ დაუჭერს მხარს და ვინ - არა, მეასეხარისხოვანი უნდა იყოს
შალვა პაპუაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლო თუ კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, ისეთი ვერდიქტია პრეზიდენტის მიმართ, რომ იმპიჩმენტს ვინ დაუჭერს მხარს და ვინ - არა, მეასეხარისხოვანი უნდა იყოს

საკონსტიტუციო სასამართლო თუ დაადგენს, რომ კონსტიტუცია დაირღვა, ამის იქით რა მოხდება, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს ისეთი კონსტიტუციური და მათ შორის, პოლიტიკური ვერდიქტია პრეზიდენტის მიმართ, როდესაც ორგანო, რომელიც კონსტიტუციის განმარტების უმაღლესი ორგანო და მცველია, მას ეტყვის, რომ დაარღვია კონსტიტუცია და შესაბამისად, დაარღვია ფიცი, ამის იქით იმპიჩმენტს კენჭისყრაში ვინ დაუჭერს მხარს და ვინ – არა, თუ როგორ იქნება, ეს უკვე მეასეხარისხოვანი უნდა იყოს ადამიანისთვის, რომელიც არის პრეზიდენტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. 

„ეს არის პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში, რადიკალური დღის წესრიგის შემოტანა და პოლარიზაციის გაღრმავება. პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას არღვევს და, რომელმაც შეიძლება, მერე თქვას, ამის შემდეგაც დავარღვევ კონსტიტუციასო, ეს არის საუკეთესო საჩუქარი ქართველი რადიკალებისთვის. უცხოელი დიპლომატები, თუ პოლიტიკოსები, რომლებიც ქალბატონ სალომეს ხვდებიან, ხვდებიან ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც და საჯაროდ გამოთქვამენ წუხილს, რომ იმპიჩმენტი არ იყოს, პირიქით, თუ დღეს საქართველოში რამე ხელს უწყობს რადიკალიზმს, ეს არის პრეზიდენტი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას. თუ ეს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, ეს იქნება პირდაპირ საჩუქარი საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იმპიჩმენტის გადაწყვეტილება პარლამენტში ასი ხმა სჭირდება და დარწმუნებულია, ასი ხმის მოგროვება შეუძლებელი იქნება.

„იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ანალიზით, იმ პრეზიდენტის თანამდებობაზე დატოვება, რომელიც კონსტიტუციას არღვევს და აპირებს, შემდეგაც დაარღვიოს, პირდაპირ არის რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ასი ხმის მოგროვება შეუძლებელი იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ცხადია. შეიძლება, იქ რამდენიმე სხვა იყოს, მაგრამ ვხედავთ, რომ კრიტიკულ მომენტში ყველა ერთიანდება და ერთი გუნდია. ამიტომ, გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკურ ნაწილში გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ აქ მთავარი ვერდიქტი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციონერებმა აღნიშნეს, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მმართველ გუნდს ასი ხმის მოგროვება არ გაუჭირდება, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ არავინ არავის გადაბირებას და არავისთან მოლაპარაკებას არ ცდილობს.

„ჩვენთვის და პირადად ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია, რას იტყვის საკონსტიტუციო სასამართლო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.