შალვა პაპუაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას თუ დაადასტურებს, რადიკალური ოპოზიციის მიზანი იქნება, თანამდებობაზე დატოვონ ადამიანი, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია
საკონსტიტუციო სასამართლომ თავის დასკვნაში უნდა თქვას – ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა თუ არ ვართ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი მიზანი და ხალხის დაკვეთა რა იყო? განსაკუთრებით 2017 წლის რეფორმების დროს? ეს იყო სრულად საპარლამენტო მოდელზე გადასვლა, ეს იყო ხალხის დაკვეთა. კონსტიტუცია სწორედ ამ დაკვეთის საფუძველზე იყო ჩამოყალიბებული. ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა თქვას – არის თუ არა ეს საპარლამენტო რესპუბლიკა. ანუ, ვართ იმ ქვეყანაში, რომელიც ხალხის ნებას პასუხობს თუ რაღაც სხვა მოწყობაში, მუტაციაში ვართ სხვადასხვა ფორმების? ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი პოზიციით წარვსდექით, მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი პოზიცია არის სწორი. ქართველი ხალხის პოზიციაა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში უნდა ცხოვრება და ამას დაეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლო.
საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს ფიცი აქვს დადებული კონსტიტუციაზე, ისევე, როგორც პრეზიდენტს, რომლის ფიცი იწყება იმით, რომ კონსტიტუციას დაიცავს. ახლა არსებობს კითხვა – თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ დაირღვა – და ფაქტია, რომ დაირღვა, და თუ ფაქტია, რომ დაირღვა – რას უკარნახებთ მათ ფიცი, რომ იყვნენ საქართველოს კონსტიტუციის ერთგულნი, რას უკარნახებთ ფიცი, დაადასტურონ დარღვევა თუ ფიცს გადადებენ გვერდზე, ეს როგორც არაერთხელ გაუკეთებიათ? თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადასტურებს, რადიკალური ოპოზიციის მიზანი იქნება, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე დატოვონ ადამიანი, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია. ამის შემდეგ დარწმუნებული არ ვართ, რომ პრეზიდენტი არ იტყვის, რომ გააგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, აქვს მოლოდინი, რომ „რაღაცნაირად დეპუტატები თავიანთ ფიცს გაიხსენებენ“.
„შემიძლია, მათ ფიცის ტექსტი კიდევ ერთხელ გავუგზავნო – წაიკითხონ და გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღონ. იმის გათვალისწინებით, რომ მათი მიზანია, პოლარიზაცია იყოს და ისეთი პრეზიდენტი იყოს, ვინც კონსტიტუციას არღვევს და სურთ, შემოიტანონ პოლიტიკური დაძაბულობა, მათი არჩევანი იმის მიხედვით იქნება – პოლიტიკურ მიზნებს გაჰყვებიან თუ საქართველოს კონსტიტუციას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.