შალვა პაპუაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საჭიროა შეთანხმება, სულ მცირე, რიგგარეშე არჩევნების საკითხი უნდა მოიხსნას
შალვა პაპუაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საჭიროა შეთანხმება, სულ მცირე, რიგგარეშე არჩევნების საკითხი უნდა მოიხსნას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საჭიროა შეთანხმება.

პაპუაშვლის თქმით, ამისთვის ოპოზიციის მხრიდან სულ მცირე რიგგარეშე არჩევნების საკითხი უნდა მოიხსნას.

„საკითხი მარტივია – საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნება“ ოპოზიციის გარეშე ვერ მიიღებს, ხოლო ოპოზიცია – „ქართული ოცნების“ გარეშე. ამიტომ, საჭიროა შეთანხმება. შეთანხმებისთვის უნდა იყოს შეთანხმების ატმოსფერო და არა დაძალების, იძულებისა და მოთხოვნის. შეუძლებელია, ერთი მხრივ საუბრობდე, რომ შეთანხმება გინდა და თან პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდე. სულ მცირე, რიგგარეშე არჩევნების საკითხი უნდა მოიხსნას. საკითხი თავად ამომრჩეველმა მოხსნა იმით, რომ „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებზე 47%-იანი ნდობა გამოუცხადა. ახლა ოპოზიცია ცდილობს, ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ დესტრუქციული დღის წესრიგი შექმნას და რიგგარეშე არჩევნები მოითხოვოს. ვიდრე დესტრუქცია იქნება, ამის ფონზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე თანახმა არ ვართ. ყველამ უნდა აჩვენოს, რომ თანამშრომლობისთვის მზადაა. არ უნდა გადაიხედოს რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რათა ამან ოპოზიციას დესტრუქციულ კალაპოტში მოქცევა არ უბიძგოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება საარჩევნო ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევის საკითხს, პაპუაშვილის განმარტებით, საჭიროა მსჯელობა, რადგან 2%-იან ბარიერთან დაკავშირებით სიღრმისეული მსჯელობა არასდროს ყოფილა.