შალვა პაპუაშვილი – სახელმწიფოები იმიტომ შეიქმნა დამოუკიდებლად, რომ ყველამ თავისი ინტერესი გაატაროს, დეგნანი გვეუბნებოდა, რომ საქართველოს ინტერესებით მოქმედებდა, დღეს ამას გვეუბნება გერმანიის ელჩი, რაც ტყუილია
თავის დროზე სახელმწიფოები იმიტომ შეიქმნა დამოუკიდებლად, რომ ყველამ თავისი ინტერესი გაატაროს. დეგნანი გვეუბნებოდა, რომ საქართველოს ინტერესებით მოქმედებდა. დღეს ამას გერმანიის ელჩი გვეუბნება, რაც ტყუილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდნენ და ბევრი ევროპელი ქვეყანას ესკალაციისკენ მოუწოდებდა.
„თავის დროზე სახელმწიფოები იმიტომ შეიქმნა დამოუკიდებლად, რომ ყველამ თავისი ინტერესი გაატაროს. ამერიკა რომ თავის ინტერესს ატარებს, ეს არის აქსიომა. ტყუილი ის იყო, ამერიკის ყოფილი ელჩები რომ გვიმტკიცებდნენ, მაგალითად, დეგნანი გვეუბნებოდა, რომ საქართველოს ინტერესებით მოქმედებდა. დღეს გერმანიის ელჩი გვეუბნება, თითქოს საქართველოს ინტერესებით მოქმედებს. ელჩები, რომლებსაც ფიცი აქვთ დადებული საკუთარი ქვეყნის ერთგულებაზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან როგორ გამოდიან? ეს ვნახეთ უკრაინის ომის მაგალითზე. როგორც კი დასჭირდათ, ბევრმა გაგვწირა. გაგვწირა უკრაინამ, ბევრმა ევროპელმა, რომელიც ესკალაციისკენ მოგვიწოდებდა. მოყოლილი მაქვს კიდეც, ელჩი დეგნანი როგორ მოვიდა ჩემთან 28 თებერვალს, როცა ოთხი დღის დაწყებული იყო ომი და კიევს იყო მიმდგარი რუსული ჯარი. კატეგორიულად ითხოვდა, აირჩიეთ, ახლა სად დგახართო – უნდა მოახდინოთ ესკალაცია რუსეთთან, დაუწესოთ სანქციები, ჩაკეტოთ ცა და ასე შემდეგ. ელჩი რომ მოვიდა ჩემთან და ეს მითხრა, მოვახსენე ო’ბრაიენს, როდესაც ჩამოსული იყო მაშინდელ ახალ ელჩთან, დანიგანთან ერთად. დამეთანხმა და იცით, რა მითხრა? ალბათ მაშინ შევცდით, რომ ზედმეტი მოვითხოვეთო. ჩემი პასუხი იყო, თქვენ რომ შეცდით, შეიძლება, იმ შეცდომის გამო ახლა ტანკი მდგარიყო ამ ტერიტორიაზე-მეთქი.
ყველა, ვინც ითხოვდა ესკალაციას რუსეთთან, ცდილობდა საქართველოს ჩათრევას ომში. ამას ითხოვდა ყველა, ვინც გვეუბნებოდა, ჩაკეტეთ საზღვარიო. ყველა, ვინც ამბობდა, ვიზები შემოიღეთ, ეკონომიკური სანქციები დააწესეთ – ეს არის ინსტრუმენტი ესკალაციისა და ომში ჩათრევის. დეგნანი ჩემთან ავტომატით არ იყო მოსული, რომ წადი, ისროლეო, მაგრამ იმას ვამბობ და ზუსტად ეს არის, რაზეც საუბრობს, მათ შორის, პოლონეთის პრეზიდენტი და სხვები, ახლა მზის შუქზე გამოდის ყველა ის საუბარი და მტკიცებულებები, რაც იყო – ითხოვდნენ ესკალაციას ქვეყანასთან, რომლის ჯარიც თბილისიდან 30 კილომეტრში დგას. ითხოვდნენ ეკონომიკურ სანქციებს, ჰაერის ჩაკეტვას მათი თვითმფრინავებისთვის. რა თქმა უნდა, ეს იყო პირდაპირ წიხლით ჩვენი შეტენვა ომში. ეს ვუთხარი ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს და არანაირი წინააღმდეგობა არ ჰქონია, დამეთანხმა და მობოდიშებასავით მოუვიდა, რა ვქნათ, არ გამოვიდა ლამაზადო. ასეთი ლამაზად არგამოსვლით დღეს ქვეყანა მიწასთან იქნებოდა გასწორებული და, ღმერთმა უწყის, ვინ სად იქნებოდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.