შალვა პაპუაშვილი - „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვეტოს საფუძველი აღარ არსებობს, მაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს
შალვა პაპუაშვილი - „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვეტოს საფუძველი აღარ არსებობს, მაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს

პარლამენტის საქმიანობის შეტევად შეფასება უცნაური დამოკიდებულებაა, მით უფრო, საჯარო მოხელის მხრიდან, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„ასე შეიძლება, ნებისმიერ რეფორმასთან დაკავშირებით ნებისმიერმა საჯარო მოხელემ თქვას, რომ ეს არის შეტევა პარლამენტის მხრიდან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის მინიმუმ, უპატივცემულობა საკანონმდებლო ორგანოს იურისდიქციის, სუვერენიტეტის, თუ უფლებამოსილებების. პარლამენტი არის ორგანო, რომელიც კანონებით და სტრუქტურული მოწყობით იღებს გადაწყვეტილებას და განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს ამა თუ იმ მიმართულებაში ინსტიტუციური მოწყობა. ამის შეფასება, როგორც შეტევა, გახლავთ პარლამენტის საქმიანობის დაკნინება და უცნაურია, როდესაც საჯარო მოხელისგან ასეთი შეფასებები კეთდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ განცხადებით შალვა პაპუაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ აფასებს ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ინსტიტუციებზე შეტევად.

შეკითხვაზე, რატომ არ მოხდა კონსულტაციების გავლა იმ უწყების პირველ პირთან, რომლის გაუქმება, თუ რეორგანიზაციაც ხდებოდა, მაშინ, როდესაც უწყების ხელმძღვანელი დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა და როგორც თავად ამბობს, ამის შესახებ 25 დეკემბერს ტელევიზიით შეიტყო, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ უწყების ხელმძღვანელთან კონსულტაციის საჭიროება არ იდგა.

„არ ვიცი, აქაც კონსულტაციის საჭიროება რატომ უნდა იყოს? ეს უკვე ითქვა, რომ კანონპროექტის ინიცირებამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ მას აცნობა, რომ ასეთი კანონპროექტის ინიცირება ხდებოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებამ ნახა, რომ თავად სახელმწიფო ინსპექტორიც იღებდა მონაწილეობას საკომიტეტო მოსმენებში, სადაც ყველას შეეძლო, საკუთარი აზრი გამოეხატა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად გაითვალისწინებს მმართველი გუნდი ოპოზიციის ერთი ნაწილის რჩევას, რომ ხელისუფლებამ ლონდა თოლორაიას ორი ახალი უწყებიდან ერთ-ერთის ხელმძღვანელობა შესთავაზოს, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ზოგადად უცნაურია, რომ დისკუსიის ამ კალაპოტში გადაყვანა ხდებოდა თავიდანვე და საბოლოო ჯამში, ყველაფერი ამ არგუმენტამდე დავიდა.

„როდესაც ინსტიტუციურ მოწყობაზე ვსაუბრობთ, ჩვენთვის მთავარი არის ის, თუ როგორია სწორი ინსტიტუციურ მოწყობა. აქ ყველა თანხმდება, მათ შორის, ჩვენი ოპონენტებიც, რომ სწორია ასეთი ინსტიტუციური მოწყობა, რომ არსებობდეს ორი ინსტიტუტი, ცალკე იყოს საგამოძიებო ნაწილი და ცალკე პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები. ამის გადაყვანა იმაში, რომ ეს არის პერსონალური საკითხი, თავისთავად აჩენს კითხვის ნიშნებს, თუ რა ინტერესი აქვთ ოპონენტებს ამ საკითხთან დაკავშირებით და რატომ დაჰყავთ ინსტიტუციური მოწყობის საკითხი პიროვნულ საკადრო საკითხებამდე. ეს უკვე თავისთავად აჩენს კითხვებს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არის არასწორი მიდგომა, როდესაც საკითხი დადის კადრებამდე, პიროვნებებამდე და პერსონებამდე. ჩვენ ვსაუბრობთ ინსტიტუციურ მოწყობაზე და არა პიროვნებებზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეკითხვაზე, რამდენად შეძლო მმართველმა გუნდმა მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნება, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კომენტარებიდან საჯაროდაც კარგად ჩანს, რომ ინსტიტუციური მოწყობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არავის არანაირი კითხვის ნიშანი აღარ აქვს და ყველა ადასტურებს იმას, რომ ორი ინსტიტუტის ჩამოყალიბება სწორი მიდგომაა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ელოდება თუ არა ვეტოს პრეზიდენტისგან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ჰქონდა წუხილი უწყების თანამშრომლებთან დაკავშირებით, რაც უკვე გადაწყვეტილია, რომ ისინი ორ ახალ უწყებაში გადანაწილდებიან, ხოლო ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით პრეზიდენტსაც არ აქვს კითხვის ნიშანი და აქედან გამომდინარე, ვეტოს საფუძველი აღარ არსებობს და აქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს.

შეკითხვაზე, რამდენად ინტენსიური ურთიერთობა აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და თუ სალომე ზურაბიშვილის წინამორბედის ისტორიას გავითვალისწინებთ, გაჩნდა თუ არა გარკვეული დაძაბულობის ნიშნები პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის არავითარი დაძაბულობა არ არსებობს.

„უბრალოდ, პრეზიდენტს აქვს ფუნქცია, რომ პროცესებს ზეპარტიულად, გვერდიდან, ასე ვთქვათ, განყენებულად შეხედოს და შეეცადოს, ამ პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებას საკუთარი შეფასებები შესთავაზოს. ვფიქრობ, ჩვენი პრეზიდენტიც ამას ცდილობს. რაც შეეხება ურთიერთობას, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, შევეცდები, რომ პრეზიდენტთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდეს და ზოგადად, პარლამენტს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ვინაიდან ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, რომ პრეზიდენტი გახლავთ ის ინსტიტუცია, რომელიც ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს და თავისთავად, ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა იყოს მჭიდრო ურთიერთობა და კომუნიკაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.