შალვა პაპუაშვილი - სახალხო დამცველობის კანდიდატი უნდა იყოს ყველასთვის თანაბრად მისაღები, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს იქნება ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ დაყოლიების პროცესი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველობის კანდიდატების შერჩევის იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც აქამდე განხორციელდა, კითხვის ნიშნები არ ყოფილა, რადგან იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე.
პაპუაშვილის განმარტებით, ახლა უკვე იწყება შემდეგი ეტაპი, რომელიც გულისხმობს პოლიტიკურ ჯგუფებს შორის პოლიტიკურ შეთანხმებას.
„რაც შეეხება სახალხო დამცველის არჩევის პროცესს, მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ აქამდე რა პროცესიც მიდიოდა, იყო უპრეცდენტოდ გამჭვირვალე, არავის არც ერთი კითხვის ნიშანი არ გასჩენია, მე პირადად, არ მსმენია კითხვები პროცესის გამჭვირვალობაზე, ობიექტურობაზე, თანასწორ წვდომაზე, კანდიდატები იქნებოდნენ, თუ სხვადასხვა აქტორი, რომლებსაც სურდათ, კითხვა დაესვათ და გამოეკითხათ კანდიდატები. ახლა გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. გვყავს კანდიდატები, რომლებსაც მთელმა საქართველომ მოუსმინა. ახლა მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური შეთანხმება, რათა მიღწეულ იქნას შესაბამისი უმრავლესობა. ყველა პოლიტიკური ჯგუფის პასუხისმგებლობაა, ამ საკითხს მივუდგეთ სერიოზულად. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ თავად არ ასახელებს კანდიდატებს, მნიშვნელოვანია, იყოს თანაბრად მისაღები კანდიდატი საბოლოო ჯამში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განმარტებით, ანგარიშგასაწევია ფრაქცია „ქართული ოცნების“ პოზიციაც, რომლის გარეშე პარლამენტი სახალხო დამცველს ვერ აირჩევს. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი უნდა იყოს ყველასთვის თანაბრად მისაღები და არ უნდა არსებობდეს ილუზია, რომ ეს იქნება ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ დაყოლიების პროცესი.
„მართალია, ცალკე ვერც ერთი ფრაქცია ვერ აირჩევს სახალხო დამცველს, მაგრამ ამავე დროს, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ფრაქცია, რომლის გარეშეც ვერ აირჩევს პარლამენტი ომბუდსმენს. ამიტომ განსაკუთრებით ანგარიშგასაწევია „ქართული ოცნების“ პოზიცია იქიდან გამომდინარეც, რომ არის საპარლამენტო უმრავლესობა, შესაბამისად, აქვს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნდობა. ჩვენი პოზიცია მარტივია, რომ უნდა იყოს თანაბრად მისაღები, არ უნდა ვიფიქროთ რადიკალური პოლუსებიდან, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს იქნება ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ დაყოლიების პროცესი, როდესაც თითქოს, ოპოზიციას უნდა ჰყავდეს თავისი კანდიდატი და „ქართული ოცნება“ აიძულოს, ამ კანდიდატს დაეთანხმოს. კიდევ ერთხელ, თანხმობისკენ უნდა გადადგას ყველამ ნაბიჯი, უნდა იყოს შეძლებისდაგვარად, თანაბრად მისაღები ყველასთვის. აქედან თუ ამოვა ყველა, ძალიან ადვილი იქნება შეთანხმება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, რომ ოპოზიციის ნაწილი მხარს უჭერს სამ კანდიდატს და სხვა კანდიდატებს არ განიხილავს, პაპუაშვილის თქმით, პროცესში ფასადურად მონაწილეობა თვად პროცესის უპატივცემულობა იქნება.
„გამოცხადდა კონკურსი, მონაწილეობა მიიღეს მსურველებმა, ჩატარდა გასაუბრებები და ამის შემდეგ უნდა იყოს თანხმობა. მთელი ეს პროცესი მათთვის თუ არის ფარსი, ფასადურად თუ იღებდნენ ამაში მონაწილეობას, რათა ბოლოს მაინც ეთქვათ იგივე – ერთი, ორი, სამი, შვიდი, თუ რავიცი, ამის იქით თუ არ მივდივართ, ეს თვითონ პროცესის უპატივცემულობა იქნება. მოკლედ, არიან კანდიდატები, არჩევანი არის, შესაბამისად, ახლა მთავარია პროცესები. გუშინ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ვიწყებთ პროცესს, ჩვენ საერთოდ არ ვაფიქსირებთ არანაირ პოზიციას არავის მიმართ, ასევე მოვუწოდებთ ყველას, რომ იყვნენ გახსნილი ამ პროცესში. გუშინ ფრაქციის თავმჯდომარემ განაცხადა, შესაბამისად, ის დაუკავშირდება თავის კოლეგებს, ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებს და იქნება საუბრების დაწყების პროცესი. ვნახოთ, შეიძლება, მალე დასრულდეს, შეიძლება – არ დასრულდეს მალე, დასრულდება იმ მომენტში, როგორც კი რომელიმე კანდიდატის გარშემო კვალიფიციური უმრავლესობის შეგროვების შანსი იქნება. „ქართული ოცნების“ ფრაქცია აქამდეც ხომ ისე მოვიდა, რომ პოზიცია არ დაგვიფიქსირებია, არანაირი კანდიდატი არ დაგვისახელებია და ეს წაადგა მთლიანად პროცესს. ახლაც ასე ვაპირებთ გაგრძელებას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.