შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველის კანდიდატების შემფასებელი კომისიის დაკომპლექტებაზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს
შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველის კანდიდატების შემფასებელი კომისიის დაკომპლექტებაზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველის კანდიდატების შემფასებელი კომისიის დაკომპლექტების თაობაზე, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს.

პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ესწრებიან პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი, „გირჩიდან“ იაგო ხვიჩია, პარტია „საქართველოდან“ ანა ბუჩუკური და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ბეჟაშვილი.

სწორედ პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდება და გაირკვევა, როგორ დაკომპლექტდება შემფასებელი კომისია.

„პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის სამუშაო ჯგუფს, რომლებმაც უნდა შეაფასონ ომბუდსმენობის კანდიდატები, მას აქვს ვალდებულება, ჰქონდეს შესაბამისი კონსულტაციები ოპოზიციონერ კოლეგებთან. ზუსტად ეს შეხვედრა ემსახურება ამ კონსულტაციებს. ვიმეორებ, ეს არის კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, ვინ იქნებიან სამუშაო ჯგუფის წევრები, იმ სამუშაო ჯგუფისა, რომელმაც უნდა შეაფასოს კანდიდატები. თუმცა, ასევე, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, ავხსნათ, რომ სამუშაო ჯგუფი ამა თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ იღებს და კანდიდატის არჩევის ან არარჩევის საკითხს საბოლოო ჯამში წყვეტს პარლამენტი, კერძოდ, 90 დეპუტატის მხარდაჭერით. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას, ეს არის პირველი შეხვედრა და ბუნებრივია, უნდა მოვისმოთ ამ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებები. რაც შეეხება სახალხო დამცველის კონკრეტულ კანდიდატებს, ვიცი, რომ რამდენიმე კანდიდატი უკვე დასახელდა. ჩვენი გუნდის პოზიცია არის, რომ ვიდრე მთლიანად ეს პროცესი არ დაიხურება, ვიდრე ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო, რომ კანდიდატებმა წარმოადგინონ, ასე ვთქვათ, საკუთარი თავი და განაცხადი წარადგინონ პარლამენტის წინაშე, ვიდრე ეს პროცესი მიმდინარეობს, წინასწარ შეფასებების გაკეთებას არც აზრი არ აქვს და არც მიზანშეწონილად მიგვაჩნია“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა.