შალვა პაპუაშვილი - სახალხო დამცველის აპარატი პარლამენტის უფლებამოსილი ინსტიტუციაა და მნიშვნელოვანია ანგარიშები, რათა მივიღოთ ინფორმაცია ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით გამოვა.
მისივე თქმით, ლევან იოსელიანი წარადგენს 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს, რომელიც ნინო ლომჯარიას თანამდებობაზე ყოფნისას მომზადდა.
„კითხვები იქნება ჩვეულებრივად იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ სამწუხარო გამოცდილება გვქონდა წინა სახალხო დამცველთან, რომელსაც რატომღაც ეგონა, რომ ის იყო ცალკე ინსტიტუცია, რომელიც ფლობდა ჭეშმარიტებას და ყველასთვის ჭკუა უნდა ესწავლებინა. სახალხო დამცველის აპარატი, საერთო ჯამში, არის პარლამენტის მიერ უფლებამოსილი ინსტიტუცია. ამიტომ არის ეს ანგარიშები მნიშვნელოვანი, რომ ეს ანგარიშები პირველეს ყოვლისა, პარლამენტისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ უნდა მივიღოთ მისგან ინფორმაცია ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ.
ამიტომ, ეს თანამშრომლობა გადამწყვეტია, რათა ჩავიხედოთ იმ სფეროებში, სადაც პარლამენტს შეიძლება, პირდაპირ არ ჰქონდეს უშუალო კონტაქტი. იქნება ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებები, თუ სხვა სფეროები და მივიღოთ ინფორმაცია, შემდეგ ვიფიქროთ, რა რეაქციები შეიძლება, გვქონდეს ჩვენ. ამიტომ, ჩვენთვის ზოგადად საინტერესოა სახალხო დამცველის ანგარიში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.