შალვა პაპუაშვილი - საია-ს სარჩელის თეორიული დანიშნულება ერთადერთია, არჩევნების დისკრედიტაცია და საბოტაჟი
შალვა პაპუაშვილი - საია-ს სარჩელის თეორიული დანიშნულება ერთადერთია, არჩევნების დისკრედიტაცია და საბოტაჟი

საია-ს სარჩელის თეორიული დანიშნულება ერთადერთია – არჩევნების დისკრედიტაცია და საბოტაჟი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა საია-ს ამ ნაბიჯის გადადგმა.

„დღეს ვნახე და სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა და არც ვიცი, რითი ავხსნა. ამ სარჩელის თეორიული დანიშნულებაც კი არის მხოლოდ ერთადერთი – არჩევნების დისკრედიტირება და საბოტაჟი. არ ვიცი, რატომ დასჭირდა საია-ს ამ ნაბიჯის გადადგმა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ სარჩელით სადამკვირვებლო ორგანიზაცია ფაქტობრივად არჩევნების დისკრედიტირების კამპანიაში ჩაერთო. კიდევ ერთხელ, საკითხი, რასაც ეს შეეხება, ეს არის ტერიტორიების გადანაწილება, სადაც სამაჟორიტარო ოლქების, ეს მთლიანი სია თუ გახსოვთ, როდესაც საარჩევნო რეფორმა მიდიოდა, მთლიანი სოფლების მიხედვით სია, მოსახლეობის მიხედვით სხვაობა რა იყო, ვთქვათ მოსახლეობას შორის ჩვენ ოპოზიციასთან ერთად გავიარეთ. მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად და თუკი სადმე რამე შენიშვნა იყო, სოფელ-სოფელ გავიარეთ ეს ყველაფერი და ყველა შევთანხმდით ამ საკითხზე. ამიტომ, ახლა ამ საკითხის წამოყენება ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს, სინამდვილეში რა განზრახვა დგას ამის უკან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

როგორც საია-ში განმარატვენ, რომ წარდგენილი სარჩელით, ორგანიზაცია ასაბუთებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები არღვევს ხმის თანაბარი წონის პრინციპს, რის გამოც გასაჩივრებული ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს საარჩევნო და თანასწორობის უფლებებთან მიმართებით.