შალვა პაპუაშვილი – საია ბრიუსელის დაფინანსებით ცდილობდა, საქართველოში ლანძღვის დამკვიდრებას, ევროსასამართლომ თქვა, რომ სიძულვილის ენა გამოხატვის თავისუფლების ნაწილი არ არის
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელში სიძულვილის გამოხატულება, სამმართველოს ამოქმედების დღიდან, სულ რაღაც ორ კვირაში, რადიკალურად შეიცვალა. თურმე, პრობლემის გადაწყვეტა რა ადვილი ყოფილა, თურმე, როგორ გვახვევდნენ თავს გამოხატვის თავისუფლების სახელით, სინამდვილეში კი, დაპირისპირების და საზოგადოების გავლენის ქვეშ მოქცევის ინსტრუმენტს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სიძულვილი და მისი წახალისება, რაც პროევროპულობის სიმბოლოდ იქცა, სინამდვილეში, ერების დაქვემდებარების ინსტრუმენტია.
„პრინციპი, რომელიც ჯერ კიდევ ძველ რომში მოქმედებდა, დღესაც მოქმედებს – გაყავი და იბატონე. ასე გვყოფნენ, რათა ჩვენზე ებატონათ, ადამიანების ტვინები გამოერეცხათ და მათი გენერალური ხაზისთვის დაემორჩილებინათ. სიძულვილის ენის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ადამიანების დათრგუნვა, ბულინგი, საკუთარი აზრი არ გამოეხტატა, მათ შორის, სოცმედიაში. სწორედ ეს მოგვიტანა პროევროპულმა მიდგომებმა, ვითომ, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. მაისში, საია სტრასბურგის სასამართლოში დამარცხდა, ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ თქვა, რომ სიძულვილის ენა გამოხატვის თავისუფლების ნაწილი არ არის. საია ამას ვისი ფულით აკეთებდა? საია ბრიუსელის დაფინანსებით ცდილობდა, საქართველოში ლანძღვის, გინების, სიძულვილის ენის დაცვას და დამკვიდრებას. ეს თუ არ რცხვენიათ იმ ელჩებს, ვინც ამ ორგანიზაციას აფინანსებენ და მხილება ხდება, რომ მათი ფულით წახალისება იყო სიძულვილის ენის, რა გითხრათ. ევროკავშირის მოქალაქეების ფულს სიძულვილის ენის გამოხატვასა და ნორმალიზებაში ხარჯავდნენ. აქაც დადასტურდა, ვის მხარეზე დგას უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ და კარგია, რომ სტრასბურგმა ამ საქმეს კარგი პასუხი გასცა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.