შალვა პაპუაშვილი - საგარეო კურსის არჩევა არის ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთი განმაპირობებელი, ვერავინ ეტყვის საქართველოს, როგორი უნდა იყოს მისი საგარეო კურსი
შალვა პაპუაშვილი - საგარეო კურსის არჩევა არის ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთი განმაპირობებელი, ვერავინ ეტყვის საქართველოს, როგორი უნდა იყოს მისი საგარეო კურსი

საგარეო კურსის არჩევა არის ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთი განმაპირობებელი, მნიშვნელოვანი ნაწილი და ვერავინ ეტყვის საქართველოს, როგორი უნდა იყოს მისი საგარეო კურსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას: „რამდენიმე საათში ველოდებით, რომ უნდა შედგეს ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის სატელეფონი დიალოგი, შემდეგ უკვე მოლაპარაკებებიც. ვიცით, რომ მოსკოვმა ღიად პირობები წაუყენა და დაემუქრა, რომ თუ საქართველო და უკრაინა გაწევრიანდებიან ნატო-ში, მათი მხრიდან იქნება სამხედრო მოქმედებები. რამდენად შეიძლება, ეს მუქარის შემცველი გზავნილები გახდეს შემაფერხებელი ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე“.

პაპუაშვილის თქმით, საქართველო მშვიდობიანი გზით ცდილობს, რომ გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, რაც ქვეყნის განუხრელი კურსია.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ სწორედ ეტაპობრივი მიდგომით, საქართველო საბოლოო ჯამში გაწევრიანდება როგორც ნატო-ში, ისე ევროკავშირში.

„ეს მუქარა ახალი არ არის, უბრალოდ, ინტენსიურობა იმატებს ან იკლებს ხოლმე. არის, ასე ვთქვათ, რაღაც ფასები, რასაც რუსეთი ცდილობს, რომ თავის საგარეო პოლიტიკაში გაატაროს, მაგრამ ამაზე ყოველთვის პასუხი არის ერთი და ცალსახა, როგორც ჩვენი პარტნიორების მხრიდან, იქნება ეს ნატო, თუ ევროკავშირი, ისე ჩვენი მხრიდანაც, რომ საგარეო კურსის არჩევა არის ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთი განმაპირობებელი, მნიშვნელოვანი ნაწილი და ვერავინ ვერ ეტყვის საქართველოს, როგორი უნდა იყოს მისი საგარეო კურსი. სწორედ ამიტომაც არის ეს ჩაწერილი ჩვენს კონსტიტუციაში, რომ მათ შორის არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონდეს ხალხის ამ არჩევანის უარყოფის შესაძლებლობა და მეორე – არც ერთი ორგანიზაცია, ამ შემთხვევაში საუბარია ნატო-ზე და ევროკავშირზე, საკუთარ თავზე არ მოახვევინებს ამ შემთხვევაში რუსეთს იმას, ვინ გააწევრიანოს საკუთარ რიგებში და ვინ – არა. ეს მკაფიო პასუხია. სხვა დანარჩენი გახლავთ პოლიტიკური ტაქტიკის და სტრატეგიის ნაწილი. ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა ცნობილია, ჩვენ მშვიდობით და მშვიდობიანი გზით ვცდილობთ, რომ გავხდეთ ნატო-ს და ევროკავშირის წევრი. ეს გახლავთ ჩვენი განუხრელი კურსი და სწორედ ეტაპობრივი მიდგომით საქართველო საბოლოო ჯამში გაწევრიანდება როგორც ნატო-ში, ისე ევროკავშირში და პარლამენტი იქნება ამის მთავარი განმაპირობებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დატოვე კომენტარი