შალვა პაპუაშვილი - საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა ტესტია ოპონენტებისთვის, რომელსაც თუ ვერ ჩააბარებენ, ან უარს იტყვიან კომისიაში მუშაობაზე, დაადასტურებენ, რომ მათი პრეტენზიები იყო ყალბი
შალვა პაპუაშვილი - საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა ტესტია ოპონენტებისთვის, რომელსაც თუ ვერ ჩააბარებენ, ან უარს იტყვიან კომისიაში მუშაობაზე, დაადასტურებენ, რომ მათი პრეტენზიები იყო ყალბი

ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ჩვენი ოპონენტების ბრალდების სერიოზულობა ვინმემ დაიჯეროს, არის, რომ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოიძიონ ეს საკითხი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცედურა უკვე დაწყებულია საქართველოს პარლამენტში. გარკვეული პროცედურული საკითხების გავლის შემდეგ, ეს კომისია ჩამოყალიბდება. ჩვენს ოპონენტებს ახლა აქვთ ნამდვილი შესაძლებლობა, რომ საკუთარი ბრალდებების ჭეშმარიტება დაადასტურონ. აქამდე ჩვენ რაც გვესმოდა სამი თვის განმავლობაში, ვნახეთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გაბათილდა ყველა ის ზეპირი ბრალდება, რაც მათ ჰქონდათ. ერთადერთი შესაძლებლობა, რომ მათი ბრალდების სერიოზულობა ვინმემ დაიჯეროს, არის, რომ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოიძიონ ეს საკითხი, მოიპოვონ რამე მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ 31 ოქტომბერს არჩევნები გაყალბდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, არჩილ თალაკვაძის განცხადების თანახმად, მმართველი გუნდი კონსულტაციებს აპირებს ოპოზიციასთან და კონკრეტულად ვისთან იგეგმება შეხვედრა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ შეთავაზება გაკეთებულია ყველას მიმართ.

„ჩვენ ეს საჯარო შეთავაზება გაკეთებული გვაქვს ყველასთვის, ანუ ჩვენი ოპონენტები, შეგახსენებთ, რომ არიან პარლამენტის წევრები და აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა ამ კომისიის მუშაობაში. ასე რომ, ეს არის ლაკმუსის ქაღალდი ჩვენი ოპონენტებისთვის, ტესტი, რომელსაც იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ვერ ჩააბარებენ, ან უარს იტყვიან საგამოძიებო კომისიაში მუშაობაზე, ამით პირდაპირ დაადასტურებენ, რომ ნებისმიერი მათი პრეტენზია და ბრალდება წაყენებული 31 ოქტომბრის არჩევნების მიმართ, იყო ყალბი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.