შალვა პაპუაშვილი - საგამოძიებო კომისიაში გაწევრიანება ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის არის გარკვეული ტესტი, აქვთ შესაძლებლობა, თავად იყვნენ მოსამართლეებიც და გამომძიებლებიც იმის, რასაც ექვსი თვე ამტკიცებდნენ
შალვა პაპუაშვილი - საგამოძიებო კომისიაში გაწევრიანება ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის არის გარკვეული ტესტი, აქვთ შესაძლებლობა, თავად იყვნენ მოსამართლეებიც და გამომძიებლებიც იმის, რასაც ექვსი თვე ამტკიცებდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვლის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მიიღონ მონაწილეობა და 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმული საკუთარი ბრალდებები დაადასტურონ.

პაპუაშვილის თქმით, ამ დრომდე ოპოზიციამ არჩევნებთან დაკავშირებული ვერც ერთი ბრალდება ვერ დაამტკიცა.

„ვნახოთ, ოპოზიციის წარმომადგენლები გაწევრიანდებიან თუ არა კომისიაში. მათთვის ეს არის გარკვეული ტესტი – რასაც ექვსი თვის განმავლობაში ამტკიცებდნენ, ახლა აქვთ შესაძლებლობა, თავად იყვნენ ამ საქმის მოსამართლეებიც და გამომძიებლებიც. ექვსი თვის განმავლობაში, სხვადასხვა ფორმატი შევთავაზეთ, რაზეც უარი თქვეს. მხოლოდ ცალმხრივად, გარკვეულ ბრალდებებს ისროდნენ, შემდეგ ვერც ერთი ეს ბრალდება ვერ დაამტკიცეს. საბოლოო ჯამში, ხელში შეგვრჩა ექვსთვიანი აფერა და ფარსი, რომელიც თითქოს დაკავშირებული იყო გაყალბებულ არჩევნებთან.

ეს კომისია არის ის ადგილი, სადაც ყველა საკითხის გამოძიების შესაძლებლობაა. დავიბაროთ კომისიის წევრები და ვკითხოთ, ვინმემ დააშინა, მოატყუა, თუ რატომ მოაწერეს ოქმებს ხელი და მათი პარტიები რატომ ამბობდნენ, თითქოს, ოქმები გაყალბებული იყო. ჩვენი ოპონენტები თუ იტყვიან, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით  ბრალდებებს თავს დაანებებენ, კომისიის საჭიროება არ იქნება, მაგრამ ვინაიდან, დღემდე იგივე სიყალბეს იმეორებენ, მნიშვნელოვანია ამ საკითხში გარკვევა და ობიექტური პასუხის მოძებნა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.