შალვა პაპუაშვილი - საფრანგეთში შეხვედრებზე სრული მხარდაჭერა გვქონდა, ყველას ვუხსნით, რომ გადაწყვეტილება არ იყოს ზედაპირული, როგორც შარშან, როცა „ასოცირებულ ტრიოში“ საუკეთესო ქვეყანა დაჩაგრეს
შალვა პაპუაშვილი - საფრანგეთში შეხვედრებზე სრული მხარდაჭერა გვქონდა, ყველას ვუხსნით, რომ გადაწყვეტილება არ იყოს ზედაპირული, როგორც შარშან, როცა „ასოცირებულ ტრიოში“ საუკეთესო ქვეყანა დაჩაგრეს

საფრანგეთში ყველა შეხვედრაზე ჩვენს ევროპულ გზაზე სრული მხარდაჭერა გვქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის არმიღების გამო საზოგადოების იმედგაცრუებას გაგებით ხვდებიან და აღნიშნავენ, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებდა.

„შეხვედრა გვქონდა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრთან, სადაც საუბარი იყო ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე. ჩვენ ვნახეთ, რომ სრული გაგებაა იმ მდგომარეობის, რომელიც საქართველოშია. კერძოდ, გაწეულ სამუშაოზე, რომელიც რეკომენდაციებს ეხება. ასევე სრული გაგებაა იმ იმედგაცრუების, რომელიც საზოგადოებაში იყო შარშან და კანდიდატის სტატუსის არმიცემამ გამოიწვია. ასევე გაგებაა იმის, რომ ახლა დროა, ევროკავშირმა და განსაკუთრებით მისმა ყველაზე ძლიერმა ქვეყნებმა საკუთარ პოლიტიკას კიდევ ერთხელ გადახედონ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით, რათა წლის ბოლოს მიღებული იყოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ახლა არის საჭირო. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ, ახლა მთავარია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში მიიღება. საფრანგეთში ყველა შეხვედრაზე სრული მხარდაჭერა გვქონდა ჩვენს ევროპულ გზაზე.

სხვადასხვა დედაქალაქში აბსოლუტური გაგებაა ჩვენი იმედგაცრუების კანდიდატის სტატუსის არმიღების გამო. ხდება იმის ხაზგასმა, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებდა. ასეთი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შარშან, ივნისში გადაწყვეტილება იმდენად უსამართლო იყო, ამის ახსნაც კი შეუძლებელი ხდება. აქედან გამომდინარე, ეს აჩვენებს იმ გამოწვევასაც, რომელიც წინ გვაქვს. მომავალ გადაწყვეტილებაში იქნება პოლიტიკური ნაწილი და იმის გათვალისწინებით, რომ ხანდახან პოლიტიკას არგუმენტები არ სჭირდება, არის საფრთხე, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივებით იყოს მიღებული და რაიმე საფუძველი, ობიექტური გამართლება არ არსებობდეს. შემდეგ კი შემდეგი ტალღა მივიღოთ – კვლავ იყოს საუბარი, რატომ არ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის საფრთხე და ამას ვუხსნით ყველას, რომ გადაწყვეტილება არ იყოს ისეთი ზედაპირული, როგორც შარშან, ივნისში, როცა „ასოცირებულ ტრიოში“ საუკეთესო ქვეყანა დაჩაგრეს. ორ ქვეყანას, რომელიც საქართველოს უკან არის, კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს და ლიდერს – არა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.