შალვა პაპუაშვილი - საერთაშორისო საზოგადოებამ სხვანაირად გააცნობიერა რუსეთიდან მომდინარე რისკები, ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ოკუპაცია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, დასრულდეს
შალვა პაპუაშვილი - საერთაშორისო საზოგადოებამ სხვანაირად გააცნობიერა რუსეთიდან მომდინარე რისკები, ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ოკუპაცია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, დასრულდეს

დღეს ბევრი უცხოელი პოლიტიკოსი სინანულით საუბრობს იმაზე, რასაც წლების განმავლობაში ქართველი ხალხი საუბრობდა, ბოლომდე არ იჯერებდნენ, ანუ, იმ რისკებზე, რომლებიც მომდინარეობს რუსეთისგან მსოფლიო უსაფრთხოების და განსაკუთრებით რეგიონის უსაფრთხოების კუთხით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ხომ არ არის აუცილებელი დეოკუპაციის საკითხზე ახალი დისკუსია გაიხსნას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროპა და დასავლეთი უფრო ფხიზელი გახდა, ამიტომ ეს იძლევა შესაძლებლობას, დასრულდეს ოკუპაცია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.

„30 წელია ამაზე ვსაუბრობთ. დღეს ბევრი უცხოელი პოლიტიკოსი სინანულით საუბრობს იმაზე, რასაც წლების განმავლობაში ქართველი ხალხი საუბრობდა, ამას ბოლომდე არ იჯერებდნენ. ანუ, იმ რისკებზე, რომლებიც მომდინარეობს რუსეთისგან მსოფლიო უსაფრთხოების და განსაკუთრებით რეგიონის უსაფრთხოების კუთხით. ამას არ იჯერებდნენ მანამ, სანამ ეს რისკი ახლოს არ მივიდა ევროპის საზღვრებთან. კარგია, რომ უფრო სხვანაირი პერსპექტივით ხდება იმის აღქმა, თუ რა რისკები მომდინარეობს რუსეთისგან. ჩვენ ამას არათუ ვამბობთ, არამედ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ჩვენ ვართ  ქვეყანა, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია სხვა ქვეყნის, რუსეთის მიერ. თავისთავად, ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ სხვანაირად გააცნობიერა ეს რისკები და ამის შედეგია ის, რომ ევროკავშირში წევრობის პერსპექტივები გაიხსნა და ნატო-ში სპეციალურად მორგებული პროგრამა მივიღეთ. ასევე ამის შედეგია ის, რომ უფრო ფხიზელი გახდა ევროპა და დასავლეთი. ამიტომ ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ოკუპაცია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, დასრულდეს, თუმცა ეს არის ჩვენი მიზნების ერთი ნაწილი. მეორე ნაწილია ის, რომ ჩვენ და ჩვენმა აფხაზმა და ოსმა დებმა და ძმებმა ერთმანეთი დავიბრუნოთ. ეს არის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ბოლო ათი წლის განმავლობაში ეწევა და ეს არის ის, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში ათწლიან მშვიდობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.