შალვა პაპუაშვილი - ბრიტანელი კოლეგებისგან მივიღეთ დასტური, რომ საქართველო რჩება დიდი ბრიტანეთის, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნის ყურადღების ქვეშ
შალვა პაპუაშვილი - ბრიტანელი კოლეგებისგან მივიღეთ დასტური, რომ საქართველო რჩება დიდი ბრიტანეთის, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნის ყურადღების ქვეშ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც ვიზიტით ლონდონში იმყოფება, საერთაშორისო საკითხებში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, დევიდ ქუერის შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

„პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებისა და უკრაინის შესახებ, რაც, თავის მხრივ, უკავშირდება საქართველოს. ამ მხრივ, გავაცანით ხედვა იმის შესახებ, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული უკრაინის ირგვლივ მიმდინარე ვითარება საქართველოს კუთხით და რომ ეს გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ჩვენი კოლეგებისგან კიდევ ერთხელ მივიღეთ დასტური, რომ საქართველო რჩება დიდი ბრიტანეთის, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნის ყურადღების ქვეშ და სრულად ესმით უსაფრთხოების ის რისკები, რომლებიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში და მის გარშემო“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ლონდონში კარგად ესმით, რომ რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში, უკრაინასთან ერთად, მოიაზრება საქართველოც.

„ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ყველას კარგად ესმის და განსაკუთრებით, ლონდონში, რომ უკრაინის საკითხი არ არის ცალკე განყენებული საკითხი – ამ შემთხვევაში, უკრაინასთან ერთად, მოიაზრება საქართველო, ჩვენი უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა. მკაფიო გზავნილი იყო ის, რომ ბრიტანეთი კვლავ აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევას ნატო-ში გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი.