შალვა პაპუაშვილი - საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციაში ვართ, მოწოდებები იყო, რომ ზედმეტი ექსცესი არ მოხდეს, თორემ კანონდარღვევას რომ პასუხი უნდა მოჰყვეს, ამაში ეჭვი არავის ეპარება
შალვა პაპუაშვილი - საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციაში ვართ, მოწოდებები იყო, რომ ზედმეტი ექსცესი არ მოხდეს, თორემ კანონდარღვევას რომ პასუხი უნდა მოჰყვეს, ამაში ეჭვი არავის ეპარება

ჩვენს ოპონენტებს სურთ, წარმოაჩინონ, თითქოს კანონი ამძიმებს და ტყუილი ამსუბუქებს ყველაფერს, ეს არის შეტრიალებული რეალობა, ასე არ არის, კანონმა და სიმართლემ არ შეიძლება, რაიმე დაამძიმოს, პირიქით, ვინც უარყოფს კანონს, ისინი ამძიმებენ ყველაფერს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„ვუსმენდი და მძიმე შთაბეჭდილება დამრჩა. რაც ჩვენს ოპონენტებში არის, ეს პირდაპირ აგონიაა. ბოლოსკენ საუბრობდნენ არაძალადობრივი ქმედებაო და 20 ივნისიც ახსენეს. ახლა ისინი ყოველ წუთს ძალადობენ, ძალადობენ სახელმწიფოზე, კანონმდებლობაზე, მართლწესრიგზე იმით, რომ არ აძლევენ შესაძლებლობას, აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება. ისინი ახლა ძალადობენ სახელმწიფოზე და მოეშვან ასეთ საუბარს, თითქოს არაძალადობრივ მეთოდებს იყენებენ. რაც შეეხება მოწოდებებს, მოწოდებები ბევრი იყო, პირდაპირი მოწოდება ევროკავშირიდან მოვისმინეთ, ეუბნებიან, რომ ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა რანჟირება დაიწყო მოწოდებების, რომ ჯერ ხელისუფლებას მოუწოდებენ თუ შემდეგ ოპოზიციას. ეს არის ის პოლიტიკური უმწიფრობა, მათ შორის, საუბარი ჰქონდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, როდესაც ისინი აფასებდნენ არჩევნებს. ჩვენი ოპონენტები, სამწუხაროდ, ორ დიდ პრობლემაში არიან გახვეული. ერთი ესაა უმწიფრობა და ვერ აღქმა, რა სურს მოსახლეობას, მათ ხუთი პროცენტი მხარდაჭერა აქვთ და ამომრჩევლის 80 პროცენტი მოუწოდებს, შევიდნენ პარლამენტში. მეორე, ისინი არიან გახვეული ტყუილის ბურანში. სამ თვეზე მეტია, ცდილობენ მოახვიონ საზოგადოებას, მაგრამ ვერავის აჯერებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, შალვა პაპუაშვილის თქმით, საარჩევნო ჯგუფში მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო სისტემის რეფორმირების კუთხით.

„თუმცა, აქ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ობიექტური ხარვეზები, რაც შეიძლება, არსებობდეს საარჩევნო სისტემაში და ტყუილის მთელი კასკადი, რასაც სამ თვეზე მეტია, აკადრებენ ჩვენს საზოგადოებას. მათ საერთოდ ვერაფერი დაამტკიცეს. ერთი რამეა, რასაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ და ხანდახან ახერხებენ კიდეც. ეს არის გარკვეული მეთოდი, როცა ისინი მარტივ ჭეშმარიტებას, მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს, ეს მარტივი ჭეშმარიტებები ისე ცდილობენ, შეფუთონ, რომ აქციონ დილემად, თითქოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს, მაგრამ, იქნებ ჯობდეს, არ აღსრულდეს. ესაა მათი მეთოდი, რომელსაც წლებია, იყენებენ, რათა სიმართლე დამალონ. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი საუბრობდა არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ლიდერები, ვისაც ხმა მისცა ამომრჩეველმა, აღარ არიანო და ამიტომ უნდა იყოს ახალი არჩევნებიო. აი, ეს მარტივი ტყუილია. პარტია, რომელმაც წინა არჩევნებთან შედარებით 170 000 ხმა ჰქონდა და ახლა 70 000 ხმა მიიღეს, 100 000 ხმა საკუთარი ამომრჩეველი დაკარგეს და სხვა პარტიად ახლა ამომრჩევლის სტრუქტურას უანალიზებს, არასერიოზულია. ჩვენ ამომრჩევლის მხარდაჭერას მთელი დღე ვგრძნობდით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ნიკა მელიას საქმეს, შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპონენტებიც არ უარყოფენ, რომ ნიკა მელია კანონს არღვევდა.

„მოჰყვა რეაგირება. 3 ნოემბერს იყო სასამართლო სხდომა და მას დაუმძიმდა აღკვეთის ღონისძიება დამატებითი გირაოს სახით და მიეცა დრო. ჩვენი ოპონენტები არ უარყოფენ, რომ მელია კანონს არღვევდა და არღვევს დღესაც. მის გარშემო ადამიანებიც ეხმარებიან ამაში. წინა გამომსვლელმა კიდევ ერთი ტყუილი შეკადრა საზოგადოებას, რომ თქვა, თითქოს მელიას წინააღმდეგ საქმე არის სახელმწიფო გადატრიალებაზე. ეს არის ძალადობის ორგანიზება. ვის ატყუებენ, რომ ხელებაწეულები შედიან პარლამენტის შენობაში თითქოს სასეირნოდ შედიოდეს ადამიანი. ვერ ხედავდით, რა ხდებოდა 20 ივნისს? ძალიან მარტივია და ასეთი მარტივი ტყუილებით ელაპარაკებიან საზოგადოებას, თითქოსდა რაღაც ნარატივები შეასაღონ, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ არ გამოდის. პროკურატურამ, როცა პარლამენტში განვიხილავდით უფლებამოსილების შეჩერების აქტზე შუამდგომლობას, ამასთან დაკავშირებით ისაუბრა კიდევაც და განმარტა, რომ ისინი ცდილობდნენ, გამომიდნარე იქიდან, რომ მანამდე ნიკა მელია იცავდა აღკვეთის ღონისძიების პირობებს, ლმობიერი დამოკიდებულება გარკვეულწილად გამოიჩინა, დეკემბრის ბოლომდე ჰქონდა მას ვადა, გადაეხედა, შემდეგ მიეცა გაფრთხილება. მთავარი, რაც ითქვა, ის არის, რომ პრობლემაა, რომ ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიება ჰქონდა, ანუ იმ მომენტში უნდა დაემძიმებინა მაინც და მაინც და მაშინ დამორჩილებოდა და რადგან დრო გავიდა, არ ემორჩილება? ეს ხომ სიტყვების თამაშია და სიტყვაში მოგების სურვილი. სინამდვილეში ჭეშმარიტება ხომ ძალიან მარტივია, კანონი არ უნდა დაარღვიო, თუ დაარღვევ, დაისჯები. 20 ივნისის საკითხი იმ კონტექსტში ახსენა წინა გამომსვლელმა, ამერიკაში გადატრიალება მოხდა თუ რაო? სწორედ ამერიკაში რის გამოც დაიჭირეს ხალხი და მათ შორის, კონგრესმენებიც არიან დაკავებულები, სწორედ ძალადობის გამო არიან დაკავებულები, ზუსტად იდენტურ საქმეზე გვაქვს საუბარი, როცა 20 ივნისზე ვსაუბრობთ და სხვათა შორის, ნიკა მელიას გარდა, 10-მდე სხვა ბრალდებულია ამ საქმეზე. ყველას გირაო აქვს გადახდილი და ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას და განხილვას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციაში და უხსნის საქმის არსს.

„ნებისმიერი ჩვენი პარტნიონი, როდესაც ხედავს, რომ პარტიის თავმჯდომარის დაკავება არის აუცილებელი, საკმაოდ ცუდ სურათს ქმნის ეს და ზუსტად ამას ვამბობ, როდესაც ჩვენი ოპონენტები დაკავებულები არიან იმით, შექმნან აღქმები, თითქოს აქ მთავარი ის კი არ არის, კანონს არღვევს ვინმე თუ არა, მთავარი ის არის, პოლიტიკოსი არის თუ არა. ეს არის მათი ერთადერთი ინსტრუმენტი პოლიტიკოსის იარლიყის მიკრობის. ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციაში ვართ და ვუხსნით, რაში არის სიტუაცია და რა არის სინამდვილეში საქმის არსი. ეს მოწოდებები ყველა იყო იქითკენ, რომ რაიმე ზედმეტი ექსცესი არ მოხდეს და რაც შეიძლება დინჯად იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. თორემ ის, რომ კანონდარღვევას პასუხი უნდა მოჰყვეს, ამაში ეჭვი არავის ეპარება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არჩევნების შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და თქვენ თუ აკვირდებით, ჩვენ გვაქვს 1 პრინცუპული პოზიცია,რომელსახ ვატარებთ.

„ეს არის, ვიყოთ სიმართლისა და კანონის მხარეს. ეს არის ის, რაც გვაძლიერებს და რატომაც ჩვენი გუნდი არის შეკრული. ვცდილობთ, რაც შეიძლება, მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ სიმართლესთან და კანონთან. ამიტომ ვართ ძლიერად, ვდგავართ ორივე ფეხზე და ვდგავართ კანონის მხარეს. დღითიდღე დასტურდება, რომ ჩვენი ოპონენტები დგანან სიცრუის, სიყალბისა და ძალადობის მხარეს. როცა ისინი დაუმორჩილებლობაზე საუბრობენ, ეს ხატოვანი გამოთქმა არ არის, ეს არის პირდაპირი მოწოდება იმისკენ, რომ რაღაცნაირად ფუთავენ ძალადობას. მათი მიზანი არასდროს ყოფილა, შემოსულიყვნენ პარლამენტში. მათი მიზანია, რომ ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება. ოპოზიციის დანარჩენი როლი მათთვის არის მიუღებელი. და ასევე, სწორედ ამისთვის, ვინაიდან ატყობენ, რომ არჩევნების გზით ვერ მოდიან ხელისუფლებაში, ერთადერთი გზა, რაც მათ აირჩიეს, არის მღელვარების, სოციალური აფეთქების გზა. ჩვენს ოპონენტებს სურთ, წარმოაჩინონ, თითქოს კანონი ამძიმებს და ტყუილი ამსუბუქებს ყველაფერს. ეს არის შეტრიალებული რეალობა. ეს ასე არ არის. კანონმა და სიმართლემ არ შეიძლება, რაიმე დაამძიმოს. პირიქით, ვინც უარყოფს კანონს, ისინი ამძიმებენ ყველაფერს“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.