შალვა პაპუაშვილი – საერთაშორისო ძალების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება აზიანებს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის იყო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი რეგიონული საყრდენი, დღესდღეობით მისი როლი უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე, შავი ზღვის რეგიონი კრიტიკულ ეტაპზე იმყოფება. მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, მზარდი ეკონომიკური გაურკვევლობა და ახალი ტექნოლოგიური გარდაქმნები ცვლის როგორც ჩვენს რეგიონს, ისე ფართო საერთაშორისო წესრიგს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, საპარლამენტო ასამბლეები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან თავიანთი მოქალაქეების, ამომრჩევლების პოლიტიკური პრეფერენციების მიმართ და, შესაბამისად, უკეთ არიან ინფორმირებულნი მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების თაობაზე.
„იმ პირობებში, როდესაც გლობალური ორგანიზაციები ვერ უზრუნველყოფენ მშვიდობას, თანამშრომლობასა და სტაბილურობას, რეგიონულ ფორმატებს, როგორიცაა PABSEC, უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, გაგვაერთიანონ ჩვენი საერთო პრაგმატული ინტერესების დასაცავად, რომელთაც ჩვენი პარლამენტები ჩვენი ხალხების სახელით გამოხატავენ. ჩვენ ერთმანეთის მშვიდობასა და უსაფრთხოებას გაცილებით მეტად ვაფასებთ, ვიდრე გარე ძალები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რყევების პირობებში, რომლებიც ოთხ წელზე მეტი ხნის წინ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია და რომელმაც პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა მთელ შავი ზღვის რეგიონზე, აქცია რა იგი მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კერად.
ამ რთულ ვითარებაშიც კი გეოპოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ხალხების ეკონომიკურ ინტერესებს და არა პირიქით. შესაბამისად, პაბსეკ-მა უნდა შეინარჩუნოს მკაფიო ფოკუსი ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობის, დაკავშირებადობის განვითარებაზე – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანების კეთილდღეობაზე. BSEC-ისა და შემდგომში PABSEC-ის ბრძენმა დამფუძნებლებმა სწორედ „ეკონომიკა“ აქციეს ჩვენი ორგანიზაციის მისიის ქვაკუთხედად, რაც თავად ორგანიზაციის სახელწოდებაშიც ჩანს. როდესაც საერთაშორისო ძალები საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ინსტრუმენტად იყენებენ და გეოპოლიტიკას ხალხზე წინ აყენებენ, ისინი ზიანს აყენებენ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
სწორედ ეს იწვევს ეკონომიკურ სტაგნაციას – ადამიანების საჭიროებების უგულებელყოფა გეოპოლიტიკური თამაშების სასარგებლოდ. ასეთი თამაშები ასევე აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის, რაც საბოლოოდ ავანტიურისტი ლიდერებისა და მათი მთავრობების მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის დაკარგვას იწვევს და ხელს უწყობს რადიკალიზაციას, როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის მთავარ საფუძველს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.