შალვა პაპუაშვილი - საელჩოებს, დონორებს, თავად „ენჯეოებს“ ვეუბნებოდი, აიღეთ ინიციატივა, შექმენით საჯაროობის სისტემა, ვისგან იღებთ ფულს, სად ხარჯავთ, დაპირების მიუხედავად, ყველაფერი მივიწყებული ხდებოდა
შალვა პაპუაშვილი - საელჩოებს, დონორებს, თავად „ენჯეოებს“ ვეუბნებოდი, აიღეთ ინიციატივა, შექმენით საჯაროობის სისტემა, ვისგან იღებთ ფულს, სად ხარჯავთ, დაპირების მიუხედავად, ყველაფერი მივიწყებული ხდებოდა

საელჩოებს, დონორებს, თავად „ენჯეოებს“ ყოველ ჯერზე ვეუბნებოდი, აიღეთ ინიციატივა, შექმენით საჯაროობის სისტემა, ვისგან იღებთ ფულს, სად ხარჯავთ. დაპირების მიუხედავად, ყველაფერი მივიწყებული ხდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ამიტომ, ერთი წლის მსჯელობის შემდეგ, მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, გამჭვირვალობის კანონი შემოებრუნებინა.

„საქართველოს პარლამენტი არ იღებს არც რუსულ, არც ევროპულ, არც ამერიკულ კანონს, საქართველოს პარლამენტი იღებს ქართულ კანონებს. იმ კანონებს, რომლებიც შედის საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში. ეს არის იდეა და ფორმულა ჩვენი დემოკრატიისა. ჩვენ ვფიქრობდით ერთი წელი და არამხოლოდ ვფიქრობდით, ვმსჯელობდით. ყოველ ჩემს შეხვედრაზე, იქნებოდა ეს ელჩებთან, ასევე ვიზიტების დროს, სადაც შეიძლებოდა, თემატურად საკითხი გაჟღერებულიყო, ყოველთვის მქონდა დაყენებული ეს საკითხი.

იცით, ჩავატარეთ რამდენიმე კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმთან დაკავშირებით. ყოველ ჯერზე, ეს საკითხი იყო. ყოველ ჯერზე როგორც საელჩოებს, დონორებს, უცხოელ აქტორებს, ისე თავად „ენჯეოებს“ ვეუბნებოდი, თავად აიღეთ თქვენს ხელში პასუხისმგებლობა, ინიციატივა და შექმენით სისტემა, რომლითაც საჯაროს გახდით მოქალაქეებისთვის, ვისგან იღებთ ფულს, სად ხარჯავთ. ეს არის მთელი იდეა ამ ყველაფრის. ერთი წელი ყოველი შეხვედრის ნაწილი ამ საკითხს ეძღვნებოდა ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ დაპირება იყო, მათ შორის, ზოგიერთი ფონდის მხრიდან, ამ შემთხვევაში „ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ნაციონალური ფონდის“ მხრიდან, მოგვაწვდიდნენ, გაასაჯაროებდნენ, შემდეგ იკარგებოდა სადღაც ბიუროკრატიებში, ეს ყველაფერი მივიწყებული ხდებოდა.

ამიტომ, არათუ ხუთი, ათი, თხუთმეტი წუთი ვიფიქრეთ, არამედ ერთი წელი ვფიქრობდით და ერთი წელი ეს პრობლემა არ აღმოიფხვრა. ქვეყანაში უცხო ფული იხარჯება ორგანიზაციებზე და ფულის მხარჯველი თუ დამფინანსებელი პატივსაც არ გდებთ, გითხრას, ვის აფინანსებს, რატომ. მოქალაქეს არაფრად გაგდებთ, არ გეუბნებათ, რა ფული შემოდის, რატომ ხარჯავს. მათ შორის, მოვისმინეთ NED-ის ხელმძღვანელის განცხადება, ქართველო ხალხო, თქვენთვის ვაკეთებთ, თქვენი სიკეთისთვისო. ფაქტობრივად, ეს ფონდები გელაპარაკებიან, გეუბნებიან, რომ ჩვენ შემოვდივართ თქვენი სიკეთისთვის, ოღონდ ნუ მკითხავ, რას ვაკეთებ, არ დაინტერესდე, ფულს რაში ვხარჯავ, ეს შენ არ გეხება; შენის საქმე არ არის, როგორ ვხარჯავ ფულს, ვისზე ვხარჯავ, რას ვაკეთებ; შენ დაჯექი, მე გავაკეთებ და ეს შენთვის იქნება კარგი. საქართველოს მოქალაქეების მიმართ ასეთი დამოკიდებულება რაიმე პატრიოტულ ნოტებს ხომ არ აღძრავს?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რამდენიმე კვირაა, კანონპროექტთან დაკავშირებით ქვეყანაში აჟოტაჟია და არცერთმა დონორმა ან საელჩომ, არასამთავრობო ორგანიზაციამ არ განაცხადა, რომ ყველაფერს საჯაროს გახდიდნენ. პაპუაშვილის შეფასებით, როგორც ჩანს, დასამალი ბევრია.

„ახლა რამდენიმე კვირაა, ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი. გამოსულიყო ერთი, მეორე ელჩი ან დონორი, თუ ვინც არის, და ეთქვა, ხალხო, ამის გამო ნუ ნერვიულობთ, ჩვენ თვითონ გავასაჯაროებთ ყველაფერს. „ენჯეოებს“ ეთქვათ, ჩვენ გამო თუ არის ეს ყველაფერი, რატომ ნერვიულობთ, რატომ არის ეს სიძულვილი, ყველაფერს გავასაჯაროებთო. რატომ არცერთმა არ თქვა, არცერთმა არ აიღო პასუხისმგებლობა, რომ ამას გააკეთებდნენ? პასუხი ხომ ხელისგულზე დევს, როგორც ჩანს, დასამალი არის ბევრი. როგორც „დროას“ დაფინანსება იყო დასამალი, და ზუსტადაც მალავდა EED. როგორც EED მალავდა, რომ ჯარიმების ფულს მათი ბიუჯეტიდან იხდიდნენ და შემდეგ შემთხვევით გავიგეთ, ასე მალავენ დაფინანსებებს პარტიების, რადიკალური ჯგუფების, „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიის დაფინანსებას „სირცხვილიას“ მეშვეობით.

თქვენ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, თქვენთვის ერთადერთი დროშა არის ქართული დროშა და თქვენს ქვეყანაში შემოდის უცხო დამფინანსებელი, რომელიც გეუბნება, შენ არავინ გეკითხება, რაში დავხარჯავ ფულს, აქ ფულს დავხარჯავ და სარგებელი მოგივა თავისთავადო. ზუსტად ამას გეუბნებათ დღეს „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელსაც მოვუწოდეთ, გაასაჯაროოს და ამბობს, არ გავასაჯაროებთ, რადგან თქვენ პირადად ეს არ უნდა იცოდეთო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.