შალვა პაპუაშვილი - სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან სხვა საკითხებთან ერთად ის სტატისტიკური მონაცემები განვიხილეთ, რითაც მანიპულირება და საზოგადოების დაზაფვრა ხდება
სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან სხვა საკითხებთან ერთად ის სტატისტიკური მონაცემები განვიხილეთ, რითაც მანიპულირება და საზოგადოების დაზაფვრა ხდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები წარუდგინა.
„სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შევხვდით და სხვა საკითხებთან ერთად ის სტატისტიკური მონაცემები განვიხილეთ, რითაც ბოლო პერიოდში მანიპულირება ხდება იმისთვის, რომ საზოგადოება დაზაფრონ და შეცდომაში შეიყვანოს. ჩვენთვის სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ ეუთო/ოდირის მისია ციფრებს თავადაც აკვირდება და სწავლობს.
ამ მხრივ ერთმანეთს გავუზიარეთ ის მონაცემები, რომელიც გვქონდა და ერთმანეთს ემთხვევა. როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ასევე არჩევნების შემდეგაც მმართველი გუნდი აქტიურად ცდილობს, რომ კომუნიკაცია საზოგადოებასთან ჰქონდეს, რათა თავიდან ავიცილოთ დეზინფორმაცია. ამის შედეგია სწორედ ის, რომ ასეთი დეზინფორმაციის საფუძველზე ჩვენს ოპონენტებს ასეთი მხარდაჭერა არ აქვთ.
ხუთ ინფორმაციას წარმოგიდგენთ, რომელიც არის გავრცელებული და ცდილობენ, ამ მონაცემებზე დაყრდნობით საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვიონ. პირველი შეეხება – არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების დროს. მოვისმინეთ, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველადი შედეგები ძალიან გვიან გამოაქვეყნა. იცით, რომ ღამის 03:00 საათზე პირველადი შედეგები გამოცხადდა. ეს ინფორმაცია ისე გავრცელდა, თითქოს, ეს იყო დაგვიანებული გამოცხადება. არადა, რომ შევხედოთ სტატისტიკას, 2012 წლიდან მოყოლებული ვნახავთ, რომ ეს ჩეულებრივი საშუალო გამოცხადების დროა, როდესაც რვა და ხუთი საათი სჭირდებოდა ცესკო-ს პირველადი შედეგების გამოსაცხადებლად. ახლა ცესკო-ს შვიდი საათი დასჭირდა შედეგების გამოსაცხადებლად. ამას სხვადასხვა ობიექტური მიზეზი აქვს, მათ შორის წელს იყო 50 სუბიექტი და ტარდებოდა ხუთი მერის შუალედური არჩევნები და ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ეს იწვევდა ბიულეტენების დიდ რაოდენობას და მეტ დროს ითხოვდა. ცესკო-ს მხრიდან არანაირი დაგვიანება არ ყოფილა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მან ასევე ისაუბრა ბათილ ბიულეტენებზე, შესწორებულ ოქმებზე, დისბალანსზე ოქმებში და აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე ყალბი ინფორმაცია ვრცელდება.
„ყველა ის ბრალდება, რაც წამოყენებული იყო ხუთ საკითხზე, მათ შორის ბიულეტენებზე, ბალანსზე, საჩივრებზე, არის აბსოლუტური სიყალბე და არანაირ მონაცემებს არ ეყრდნობა. რაც შეეხება პარალელურ დათვლას, ერთი ერთში ემთხვევა – არჩევნების შედეგები, ეგზიტპოლი, წინასწარი კვლევები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.