შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“  ან აღიარონ, რომ დესტრუქციული დღის წესრიგი დამარცხდა და შემოვიდნენ პარლამენტში, ან იყვნენ სრულად მარგინალიზებული
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“  ან აღიარონ, რომ დესტრუქციული დღის წესრიგი დამარცხდა და შემოვიდნენ პარლამენტში, ან იყვნენ სრულად მარგინალიზებული

საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის გეგმაა, რომ მომავალი კვირიდან დაიწყოს პროექტის საკომიტეტო მოსმენები ხოლო 24 მაისის კვირაში პლენარულ სხდომაზე იყოს პირველი მოსმენა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფს შეუერთდნენ პარლამენტში ახლახან შესული პარტიები და ცალკეული დეპუტატები.

პაპუაშვილის განცხადებით, ჯგუფი საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელებაზე იმუშავებს და ბაზისურ დოკუმენტად იმ კანონპროექტს აიღებს, რომლის პარლამენტში ინიცირება მარტში მოხდა.

„10-11 მაისს გაფართოებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც შემოუერთდნენ ის ოპოზიციური პარტიები თუ ცალკეული დეპუტატები, რომლებიც ახლახან შემოვიდნენ პარლამენტში. ჩანდა ყველა მონაწილის სურვილი, რომ იყოს საქმიანი დიალოგი და დისკუსია. ჩანდა ასევე, რომ ბევრი დაღლილია იმ ექვს თვეზე მეტხნიანი კონფრონტაციით, რომელიც იყო ქვეყანაში და იმედი მაქვს, წარმატებული იქნება ამ სამუშაო ჯგუფის მუშაობა. ხვალ ვაპირებთ, რომ პარტიები კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და ტექსტზე ვიმუშაოთ. იცით, რომ თავის დროზე სამუშაო ჯგუფმა ნაყოფიერად იმუშავა. ჩვენ ბაზისად ვიღებთ ცვლილებების იმ პროექტს, რომელიც უკვე ინიცირებულია პარლამენტში ამ სამუშაო ჯგუფის მიერ ამა წლის მარტში და რომელზეც უკვე არსებობს ვენეციის კომისიის და ოდირის ერთობლივი დასკვნა. თქვენ იცით, რომ ვენეციის კომისიამ მოიწონა ეს პროექტი, ჰქონდა ერთი საკითხი, რომელიც ასევე არის 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი და შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას. არის კიდევ სხვა ტექნიკური საკითხები, რომელზეც დარწმუნებული ვარ, ხვალინდელ შეხვედრაზე შევთანხმდებით.

ჩვენი გეგმაა, რომ ორშაბათს უკვე გავგზავნოთ შეცვლილი პროექტი ვენეციის კომისიაში განმეორებითი დასკვნისთვის და ასევე მომავალი კვირიდან დაიწყება საკომიტეტო მოსმენები, რათა 24 მაისის კვირაში უკვე იყოს ამ პროექტის პირველი მოსმენა, ხოლო 21 ივნისის კვირაში მესამე მოსმენით მივიღოთ ცვლილებები და ამით შეთანხმების ეს ნაწილიც დავხუროთ.

იმედი მაქვს,  განწყობა, რომელიც 10-11 მაისის შეხვედრაზე იყო, შენარჩუნდება და უპირველეს ამოსავალ წერტილად გვექნება პარლამენტი, როგორც მოქალაქეების ნების გამომხატველი ორგანოს სუვერენული უფლების განხორციელება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა იმ პარტიებზეც, რომლებიც არ უერთდებიან შარლ მიშელის დოკუმენტს და არ შედიან პარლამენტში.

„სამწუხაროდ, 19 აპრილის შეთანხმებას არ უერთდებიან „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“. სამწუხაროდ, ეს სამი პარტია ჩამოყალიბდა როგორც რადიკალური პარტია ამ ქვეყანაში. ფაქტია, რომ მათ საკუთარი თავი ჩაიყენეს ისეთ მდგომარეობაში, საიდანაც მათთვის კარგი გამოსავალი თითქმის აღარ არსებობს და აქვთ ორი არჩევანი – ან აღიარონ, რომ მათი დესტრუქციული დღის წესრიგი დამარცხდა, ხელი მოაწერონ 19 აპრილის შეთანხმებას და შემოვიდნენ პარლამენტში, ან დარჩნენ გარეთ და იყვნენ სრულად მარგინალიზებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.