შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის შემთხვევა არის მაგალითი, როგორ კოორდინირებულად და ბოროტი განზრახვით მოქმედებდნენ გარკვეული ჯგუფები ქართველი ხალხის წინააღმდეგ
შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის შემთხვევა არის მაგალითი, როგორ კოორდინირებულად და ბოროტი განზრახვით მოქმედებდნენ გარკვეული ჯგუფები ქართველი ხალხის წინააღმდეგ

სააკაშვილის შემთხვევა არის სახელმძღვანელო მაგალითი, როგორ კოორდინირებულად და ბოროტი განზრახვით მოქმედებდნენ გარკვეული ჯგუფები ქართველი ხალხის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა,

მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კარგი მაგალითია დეზინფორმაციის იმ ათწლიანი კამპანიისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიდიოდა.

„გაიხსენეთ სააკაშვილი და მისი საქმე, გაიხსენეთ სახეები პოლიტიკოსების, მედიის წარმომადგენლების, არასამთავრობოების წარმომადგენლების ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ისინი ცილისწამებით, საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციითა და ხელისუფლების წინააღმდეგ შანტაჟით ცდილობდნენ სააკაშვილის ციხიდან დახსნას. ამტკიცებდნენ, რომ თითქოს ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, შემდეგ თითქოს ჯანმრთელობის პრობლემები, ეს ყველაფერი ხომ ტყუილი იყო. ჩვენ ხომ ახლა ვაცნობიერებთ, რამხელა კოორდინაცია იყო, ათწლიანი კოორდინაცია ამ ცილისმწამებლური კამპანიისა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

ეს არის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არაფორმალურ გავლენებზე და კოორდინაციაზე, რომელიც არსებობს ხოლმე გარკვეულ შემთხვევაში. სააკაშვილის შემთხვევა არის სახელმძღვანელო მაგალითი, როგორ კოორდინირებულად და ბოროტი განზრახვით მოქმედებდნენ გარკვეული ჯგუფები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ყველაფერი, თითოეული სიტყვა, ზოგიერთი პრეზიდენტის ნათქვამი, ზოგიერთი პოლიტიკოსის ნათქვამი, ზოგიერთი ევროპარლამენტარის ნათქვამი, მედია, „ენჯეო“ გაიხსენეთ და ყველაფერს მიუწერეთ – ტყუილი, ტყუილი, ტყუილი, ტყუილი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, შევაჯამოთ და დავფიქრდეთ, ვინ არის საქართველოს კეთილმოსურნე და ვინ – სხვისი კეთილმოსურნე.

„ამდენ ტყუილს რომ კადრულობდნენ პოლიტიკოსები, დიპლომატები, მედიის წარმომადგენლები, „ენჯეოები“ ათი წელი, ზოგი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. სამწუხაროდ აღმოგვაჩნდნენ ასეთი ქართველებიც და უცხოელები ხომ უკვე ცალკე საკითხია. ვფიქრობ, ახლა დადგა მომენტი და ეს არის გარკვეული შეჯამება ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმ ათწლიანი თავდასხმისა, რომელსაც ჩვენ ვხედავდით უცხოეთიდან კოორდინირებულად. მნიშვნელოვანია, შევაჯამოთ, დავფიქრდეთ, ვინ არის ჩვენი კეთილმოსურნე, ვინ არის სხვისი კეთილმოსურნე და მზად არის, გადააყოლოს მთელი ქვეყანა ერთ-ორ ადამიანს, რომელთანაც გარკვეულ ჯგუფებს რაღაც ინტერესები აქვს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.