შალვა პაპუაშვილი - რურუას, უგულავას შეწყალებით საზოგადოებამ ნახა, რა არის ამის ეფექტი, გვარამიას შეწყალებაც, როგორც ჩანს, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ზემოქმედების შედეგია
შალვა პაპუაშვილი - რურუას, უგულავას შეწყალებით საზოგადოებამ ნახა, რა არის ამის ეფექტი, გვარამიას შეწყალებაც, როგორც ჩანს, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ზემოქმედების შედეგია

შემთხვევითი არ არის, რომ პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი არ ახსნა. მგონი, ამით უკვე პასუხი გასცა, რომ რეალური ახსნა ამ ნაბიჯს არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე აზრით, გვარამიას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ზემოქმედების შედეგია.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართულ საზოგადოებას ნაკლებად სჯერა, რომ ეს ქვეყანაში დეპოლარიზაციას გამოიწვევს.

„მიზეზები არ თქვა, რადგან სამი ინსტანციის სასამართლოს ჰქონდა საქმეზე გადაწყვეტილება და ვერ იტყოდა, რომ ეს უკანონო გადაწყვეტილება იყო და ამიტომ იყენებდა შეწყალების უფლებას; ასევე, ვერ იტყოდა, რომ ჰუმანურობიდან გამომდინარე იღებდა გადაწყვეტილებებს, რადგან თავად მსჯავრდადებული არ ითხოვდა შეწყალებას; ვერ იტყოდა, რომ ეს ნაბიჯი დეპოლარიზაციისთვის არის გადადგმული, ვინაიდან ქართული საზოგადოების მიმართ ეს ცინიზმის მწვერვალი იქნებოდა. ქართულმა საზოგადოებამ გიორგი რურუას, გიგი უგულავას შეწყალებით კარგად ნახა, რა არის შეწყალების ეფექტი დეპოლარიზაციის კუთხით. ყველა შეწყალება, მათ შორის ბოლო შეწყალებაც, როგორც ჩანს, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ზემოქმედების შედეგია.

ადრეც და ახლაც, როცა უკვე პრეზიდენტს უწონებენ ამ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით, დასავლეთში, ხაზი ესმევა, თითქოს ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას. ადრეც, გიორგი რურუას, გიგი უგულავას შემთხვევაში ზუსტად ამ მოტივებს ამბობდნენ, თუმცა ვნახეთ, რომ ეფექტი აბსოლუტურად საპირისპირო იყო. ამიტომ ქართულ საზოგადოებას ნაკლებად სჯერა, რომ ეს დეპოლარიზაციას გამოიწვევს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, – „გვარამიას არაერთხელ გაუკრიტიკებია სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის შეურაცხმყოფელი სიტყვებით, გუშინ მან ბოდიში მოიხადა ამ განცხადებების გამო. როგორ ფიქრობთ, გულწრფელი იყო გვარამია ბოდიშის მოხდისას?“ – შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:

„ვერ გეტყვით. ზოგადად, მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ციხე ადამიანზე ახდენს ზემოქმედებას. ესეც არის მიზანი, რესოციალიზაცია. იმედი მაქვს, რესოციალიზაციის ეფექტიც ექნებოდა მის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნას, დანარჩენი ვნახოთ, მასზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კიდევ ერთ კითხვაზე, ხედავს თუ არა ნიკა გვარამიას პოლიტიკაში, მაგალითად, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი კითხვის დასმით ყველა აღიარებს, რომ გვარამია იყო არა ჟურნალისტი, არამედ პოლიტიკოსი.

„ალბათ მნიშვნელობა არა აქვს, რომელი მედიიდან ისმება ეს კითხვა, რადგან ყველა კითხულობს ამას, დაბრუნდება თუ არა ის პოლიტიკაში. ამით ყველა აღიარებს, რომ ნიკა გვარამია სინამდვილეში იყო პოლიტიკოსი და არა ჟურნალისტი. გვარამიას მსჯავრთან დაკავშირებით იყო დეზინფორმაციული ტალღა, თითქოს ჟურნალისტის მიმართ რაღაც დამოკიდებულება არსებობდა, დღეს კი ყველა აღიარებს, რომ ის არც არასდროს ყოფილა ჟურნალისტი, ამ სიტყვის პროფესიული გაგებით. გვარამია ყოველთვის იყო პოლიტიკოსი. ასე რომ, მისი არჩევანია, სად უნდა, იყოს. აქედან გამომდინარე, ნაკლებად არის ჩემი განსასჯელი, რა საკითხებში იქნება ჩართული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.