შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, გახარია და მისი პარტია „ნაცმოძრაობასაც“ ღალატობენ, სამწუხარო გზაზე დგას ეს გაერთიანება და თავად გახარია, წაიკითხონ „ღამურა“ და ნახავენ, სად არის ასეთი ადამიანების თუ ძალების ადგილი
შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, გახარია და მისი პარტია „ნაცმოძრაობასაც“ ღალატობენ, სამწუხარო გზაზე დგას ეს გაერთიანება და თავად გახარია, წაიკითხონ „ღამურა“ და ნახავენ, სად არის ასეთი ადამიანების თუ ძალების ადგილი

როგორც ჩანს, გახარია და მისი პარტია „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ღალატობენ, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა“ წამყვანის შეკითხვას.

პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ პოლიტიკური გამოყენების შესახებ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია და მისი პოლიტიკური გაერთიანება სამწუხარო გზაზე დგანან.

„ეს დისკუსია მეც ვნახე გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის და, მგონი, ყველაზე კარგად შეიფერეს ეპითეტი მოღალატე, რაც გიორგი გახარიას მიმართ იქნა გამოყენებული, მათ შორის ბიძინა ივანიშვილმა ეს ხაზგასმით აღნიშნა. რასაც ვუყურეთ, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობასაც“ ღალატობენ ამ შემთხვევაში, თუ რა იყო ეს დისკუსია, ცოტა რთული გასაგებია, მაგრამ ფაქტია, სამწუხარო გზაზე დგას ეს პოლიტიკური გაერთიანება და თავად გიორგი გახარია. საქართველოს ისტორიაში ეს ბედი ჰქონია რამდენიმეს, რომელიც მოღალატეობრივ გზაზე დამდგარა და ხალხს შესაბამისი ადგილიც მიუჩენია. წაიკითხონ „ღამურა“ და ნახავენ, სად არის ასეთი ადამიანების თუ პოლიტიკური ძალების ადგილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სინამდვილეში, არ არსებობს არანაირი მესამე ძალა და კოალიციები, ეს ყველაფერი ფარსია და არსებობს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ქოლგის ქვეშ მყოფი პარტიები.

„ეს ხომ ყოველ ჯერზე დასტურდება?! იტყვიან, რომ არის რაღაც მესამე ძალა და ბოლოს ერთად აღმოჩნდებიან. გახარიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ კოალიცია და ახლა უკვე ერთმანეთს ამადლიან, ვინ ვისთან არის კოალიციაში. „ლელოს“ თითქოს ცალკე უნდა პოზიციონირება, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მაგათზე მეტი მხარდამჭერი ნაკლებად არის. თუნდაც 2021 წლის პერიოდი რომ გავიხსენოთ და ნიკა მელიას დაკავების საკითხი, მაშინ შეთანხმებების ყველაზე მეტი ჩამშლელი და ნიკა მელიას მხარდამჭერი „ლელო“ იყო. ამ ყველაფერს დრო სჭირდება ხოლმე, ხანდახან კვირები და ხანდახან თვეები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვლინდება, რომ არის ერთი პოლიტიკური ფლანგი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჯობია, ოპოზიციური პარტიები აქედანვე იყვნენ პატიოსანი საქართველოს მოქალაქეებთან, 2024 წლის არჩევნებზე შექმნან ერთიანი სია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მათ სიაში მიიღებს, გამოვიდნენ და ეს არჩევანი დააყენონ საქართველოს მოსახლეობის წინაშე.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად აკეთებს იმის დაშვებას, რომ ასეთ პირობებში ახალი ოპოზიციური ძალა თავად „ქართული ოცნების“ წიაღშივე წარმოიქმნას, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი სპეკულაციები სმენია, თუმცა ამის ალბათობას არ უშვებს.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, ანა წითლიძეს მიმართა და განაცხადა: „„ნაციონალურ მოძრაობას“, შეიძლება, ჩვენთან აქვს კოალიცია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მათთან, დიდი ბოდიში, მაგრამ გამოგიყენეთ“. ანა წითლიძემ საპასუხოდ მიხეილ დაუშვილს განუცხადა: „ნაძირლები რომ ხართ, დიდი ხანია, ვიცით, ძალიან არასწორი და დიდი პოლიტიკური შეცდომაა იმის თქმა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენეთ“.