შალვა პაპუაშვილი - როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აღიარებს ხალხის ნებას, სამართლის უზენაესობას, დასრულდება პოლარიზაცია და შეთანხმებაც არ იქნება საჭირო
რთულია, შეთანხმებაზე ილაპარაკო პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც არის ანტიდემოკრატიული, რადგან არ აღიარებს დემოკრატიას და არის კანონს მიღმა, რადგან არ აღიარებს კანონის უზენაესობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მთავარი პრობლემა ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს ხალხის ნებას, ანუ არჩევნებს და მეორე, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს კანონის ნებას, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეს ორი რამ კი ჩვეულებრივი პრეტენზია ან კაპრიზი კი არ არის. ეს არის სახელმწიფოს საფუძველი – ხალხის ნება, ანუ დემოკრატია და კანონის ნება, ანუ კანონის უზენაესობა. თუ რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფი ამ ორ რამეს არ აღიარებს, ის ყველანაირად გასულია დემოკრატიული კალაპოტიდან და შესაბამისად, აქ რთულია შეთანხმებაზე ილაპარაკო. როგორ შეიძლება, შეთანხმდე ჯგუფთან, რომელიც არის ანტიდემოკრატიული, რადგან არ აღიარებს დემოკრატიას და არის კანონს მიღმა, რადგან არ აღიარებს კანონის უზენაესობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ განცხადებით შალვა პაპუაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, გაზრდის თუ არა შეთანხმების შანსს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წინაპირობების მოხსნა, რომ ერთი მხრივ, გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და მეორე მხრივ, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, იმ მომენტში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აღიარებს ხალხის და კანონის ნებას, დასრულდება პოლარიზაციაც და ყველა საკითხი თავისთავად მოწესრიგდება, ისე, რომ შეთანხმებაც არ იქნება საჭირო.
„გავიხსენოთ, რომელი განაჩენი აღიარა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განაჩენებს, არ აღიარა ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას, ბაჩო ახალაიას და სხვების წინააღმდეგ განაჩენები. საერთოდ, ვინმეს წინააღმდეგ განაჩენი აღიარეს? „ნაციონალური მოძრაობის“ დაახლოებით 15 ლიდერის წინააღმდეგ არსებობს სისხლის სამართლის საქმეებზე ძალაში შესული განაჩენები და რამდენიმე ათეულია, ასე ვთქვათ, წამყვანი თანამდებობის პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ სხვადასხვა დანაშაულისთვის, მაგრამ მათ არც ერთი განაჩენი არ უღიარებიათ. ამიტომ, იმ შემთხვევაში და იმ მომენტშივე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აღიარებს ხალხის ნებას, ანუ დემოკრატიას და კანონის ნებას, სამართლის უზენაესობას, დასრულდება პოლარიზაციაც და იქ უკვე შეთანხმებაც არ იქნება საჭირო, ყველა ეს საკითხი თავისთავად მოწესრიგდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, პოლარიზაციის შემცირება ნაკლებად მისაღები აღმოჩნდეს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის, ვისთვისაც თავის დროზე, კოაბიტაციაც ნაკლებად მისაღები აღმოჩნდა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს ასე არ არის, რადგან საზოგადოება დაიღალა სიძულვილით, რომლის დათესვასაც ზოგიერთი მედიასაშუალება ყოველდღიურად ცდილობს.
„მათ შორის, ერთ-ერთი ტელევიზია ეს დღეებია დადის და თავის ფეისბუქგვერდზე და შეიძლება, გადაცემებშიც აჩვენებს, როგორია სხვადასხვა მუნიციპალურ ცენტრში ნაძვის ხე. ისინი სურათებს დებენ იმისთვის, რომ საზოგადოებამ დასცინოს, მოსაწონია ეს ნაძვის ხე, თუ არ არის მოსაწონი და ა.შ. ისინი ხელს უწყობენ ადამიანებში ერთმანეთის მიმართ მტრობას და საკუთარი ქვეყნის დაცინვას, ხოლო როცა ასეთი განწყობა არსებობს, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის რთულია ამ პირობებში ცხოვრება. ყველას უნდა, დადებითი განწყობა იყოს. ვფიქრობ, პოლარიზაციით ყველა დაიღალა და მისი შემცირებისკენ ყველა მოწადინებულია. უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნების“ სურვილია, რომ პოლიტიკური პროცესები ნორმალურ ჩარჩოში იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მათ პოლიტიკურ ზრდასრულობას დღემდე ვერ მიაღწიეს.
„ისინი კვლავ მიხეილ სააკაშვილის ფრთის ქვეშ არიან და აქედან გამომდინარე, საკუთარ, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. ეს მათი პრობლემაა და დიდი პრობლემაც არ იქნებოდა, ქვეყნისთვის რომ არ ქმნიდეს პრობლემას. იმიტომ, რომ მათი ასეთი ქმედება მუდმივი შფოთვის საფუძველი, თუ წყაროა. თუმცა, ამ ყველაფერში ერთი დამამშვიდებელი გარემოებაც არის. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ყველანაირი ძალა გამოეცალათ, ხალხის ისეთი მხარდაჭერა, რომ რაღაც პროტესტის ორგანიზება შეძლონ და ა.შ. აი, ახლა 21-ში აქვთ დაანონსებული აქცია და თვითონაც ნახავენ კიდევ ერთხელ, თუ რა ძალაა მათ უკან. ხალხს მობეზრდა და ნამდვილად აღარ უნდა მათი ეს მუდმივი აქციები, პროტესტი და ა.შ. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ისინი გააცნობიერებენ ხალხის გზავნილს და ვითარებას დაამშვიდებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.