შალვა პაპუაშვილი - როცა ძალადობას მშვიდობას ეძახის ზოგიერთი ბრიუსელელი ბიუროკრატი, ეს აქეზებს ძალადობას, თუ მშვიდობაა მაგისტრალების გადაკეტვა, ასეთი მშვიდობა ჰქონდეთ თავიანთ ავტობანებზე
შალვა პაპუაშვილი - როცა ძალადობას მშვიდობას ეძახის ზოგიერთი ბრიუსელელი ბიუროკრატი, ეს აქეზებს ძალადობას, თუ მშვიდობაა მაგისტრალების გადაკეტვა, ასეთი მშვიდობა ჰქონდეთ თავიანთ ავტობანებზე

პოლიციის ამოცანაა, დანაშაულის ჩადენა არ დაუშვას, სწორედ ეს გააკეთა პოლიციამ გუშინ. როცა არის ძალადობრივი აქცია, თავისთავად საჭიროა საპოლიციო ძალის გამოყენება, რომ მოხდეს შეკავება. როდესაც ძალადობას ეძახის მშვიდობას ზოგიერთი ბრიუსელელი ბიუროკრატი, ეს აქეზებს ძალადობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის განცხადებით, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაანონსდა, რომ შეიკრიბებოდნენ მაგისტრალების მიმდებარე ტერიტორიაზე და მოახდენდნენ ბლოკირებას, რასაც პოლიცია ვერ დაუშვებდა.

„მე დეკემბერში რაც ვთქვი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომელიც ასე მალე აუხდა ბევრ დედაქალაქს. მაშინაც დიპლომატები, ბრიუსელელი პოლიტიკოსები თუ ჩინოვნიკები გვიმტკიცებდნენ, რომ მაშხალების ბაზუკები, ქვების სროლა პოლიციისთვის, პარლამენტის დაწვის მცდელობა იყო მშვიდობიანი აქცია. არცერთ ბრიუსელელ ბიუროკრატს, არცერთ დიპლომატს არ უთქვამს, რომ ეს იყო ძალადობა. ხაზგასმით, ქართველი ხალხისთვის უტიფრად ტყუილის თქმის სახით გვეუბნებოდნენ, რომ მაშხალების, ქვების სროლა, პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობა იყო მშვიდობა. მაშინ ვთქვი, რომ თუ ეს არის მშვიდობა, ასეთი მშვიდობა ჰქონდეთ თავიანთ დედაქალაქებში-მეთქი, აუხდათ. თუ ახლა მათთვის მშვიდობა არის საერთაშორისო მაგისტრალების გადაკეტვა და ამის დაანონსება, ასეთი მშვიდობა ჰქონოდეთ თავიანთ მაგისტრალებსა და ავტობანებზე. დაანონსდა უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომ შეიკრიბებოდნენ მაგისტრალების მიმდებარე ტერიტორიაზე და მოახდენდნენ ბლოკირებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები ვიდრე ტროტუარზე იდგნენ და გამოხატავდნენ პროტესტს, მათ სამართალდამცველების მხრიდან წინააღმდეგობა არ ჰქონიათ.

„მაგისტრალის ბლოკირების საშუალებას რომ სამართალდამცველები არ მისცემდნენ, ეს ცხადია, პოლიცია აფრთხილებდა, არ მოეხდინათ ბლოკირება. ამის მიუხედავად, მათ სცადეს კორდონის გარღვევა და ბლოკირება. გარღვევა როგორ უნდა მოხდეს, თუ არა ძალადობით? ჩვენ ვნახეთ, რომ ვიდრე ტროტუარზე იყო აქცია, პოლიციას ჰქონდა კორდონი, სთავაზობდა, დაეკავებინათ გარკვეული სატრანსპორტო ზოლი, ამის მიუხედავად, „ნაცები“ არ ვართო, რომ გაიძახიან, ფრთაფარფატა ანგელოზებად რომ მოაქვთ თავი, გუშინ რა სახეები ნახეთ იქ. იყვნენ გვარამია, ჯაფარიძე, ხოშტარია, „ნაცმოძრაობის“ ყველა ლიდერი იყო. ხომ დადასტურდა, რომ ეს აქცია არის „ნაცების“ აქცია. პოლიციის ამოცანაა, დანაშაულის ჩადენა არ დაუშვას, სწორედ ეს გააკეთა პოლიციამ და როცა არის ძალადობრივი აქცია, თავისთავად საჭირო არის საპოლიციო ძალის გამოყენება, რომ მოხდეს შეკავება, დაკავება და ა.შ. როცა ძალადობას ეძახის მშვიდობას ზოგიერთი ბრიუსელელი ბიუროკრატი, ეს აქეზებს ძალადობას. ცალკეულ ინციდენტებს სპეციალური საგამოძიებო კომისია დაადგენს“, –  განაცხადა პაპუაშვილმა.