შალვა პაპუაშვილი - როცა ამბობ, ვარ ქართველი პოლიტიკოსი და ამბობ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები არის პრიორიტეტი, ეს უკვე თავშივე არის მოღალატეობრივი პოზიცია
მამუკა ხაზარაძის განაცხადება ნიშნავს, რომ აქამდე რაც ისედაც გულში ედოთ და საჯაროდ არ ამბობდნენ, არის სხვა ქვეყნის ინტერესების მსახურება, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შავი ზღვის რეგიონში საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების დასაცავად ზეწოლა უნდა მოახდინოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე.
პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც ქართველი პოლიტიკოსი ხარ და ამბობ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესებია პრიორიტეტი, ეს უკვე მოღალატეობრივი პოზიციაა.
„რაიმე ცუდი კი არ არის აშშ-ის რაიმე ინტერესში, მაგრამ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი. როდესაც ამბობ, რომ მე ვარ ქართველი და ვარ ქართველი პოლიტიკოსი და ამბობ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები არის პრიორიტეტი, ეს უკვე თავშივე არის მოღალატეობრივი პოზიცია. ანუ, შეგიძლიათ, პირდაპირ აიღოთ „ლელოს“ წინასაარჩევნო პროგრამა, თუ ჰქონდა რამე, გადახაზოთ ყველაფერი და დააწეროთ: „ჩვენი ამოცანა იქნება სხვა ქვეყნის ინტერესების განუხრელი დაცვა საქართველოში“, ეს არის მათი ამოცანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „აშშ-მა უნდა განახორციელოს ზემოქმედება „ქართული ოცნების“ პროირანულ და პროჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას თავისი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები შავი ზღვის რეგიონში“.