შალვა პაპუაშვილი - რეგიონში არსებული დინამიკა მნიშვნელოვანია, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ უნდა ვიფიქროთ რეგიონის, როგორც საერთო სივრცის, განვითარებაზე
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ წინ უნდა გავიხედოთ და რეგიონის, როგორც საერთო სივრცის, განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი სწორ პოლიტიკას ატარებენ იმ მხრივ, რომ ცდილობენ, საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ ყველასთან ითანამშრომლონ.
„ორმხრივ ურთიერთობებზე საუბარი და რეგიონში არსებული დინამიკა მნიშვნელოვანია. სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ წინ უნდა გავიხედოთ და რეგიონის, როგორც საერთო სივრცის, განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ. ყველამ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ იმ საქმეში, რომელიც თითოეული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, როგორც აზერბაიჯანისთვის, ისე სომხეთისთვის და საქართველოსთვის. ეს არის ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის გამყარება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა.
ვხედავთ, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სწორ პოლიტიკას ატარებენ იმ მხრივ, რომ ცდილობენ საკუთარი ხალხების საკეთილდღეოდ ყველასთან ითანამშრომლონ. ისე არ იქცევიან, როგორც ჩვენი გარედან მართული რადიკალური ოპოზიცია ფიქრობს ხოლმე, რომ არსაითკენ უნდა გაიხედო და მხოლოდ ბრიუსელის მითითებებს დაელოდო. გვექნება საუბარი, როგორ აფასებენ ისინი რეგიონში არსებულ დინამიკას და ამ მხრივ რა საერთო გეგმებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს გუშინ, 13 ნოემბერს ეწვია.