შალვა პაპუაშვილი - რასაც ოპოზიცია საარჩევნო უფლების დაცვის ლოზუნგით ახორციელებს, არის პირდაპირი ზეწოლა საარჩევნო კომისიაზე
შალვა პაპუაშვილი - რასაც ოპოზიცია საარჩევნო უფლების დაცვის ლოზუნგით ახორციელებს, არის პირდაპირი ზეწოლა საარჩევნო კომისიაზე

რასაც დღეს ოპოზიცია საარჩევნო უფლების დაცვის ლოზუნგით ახორციელებს, არის პირდაპირი ზეწოლა საარჩევნო კომისიაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს აკრძალული აქვთ სხდომაზე დასწრება.

პაპუაშვილი მოუწოდებს ოპოზიციას, დატოვონ საოლქო საარჩევნო კომისიების მიმდებარე ტერიტორია.

„ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ მომსწრე იმისა, როგორ ხდება საარჩევნო უფლების ხელყოფის მცდელობა. სამწუხაროა, რომ რასაც დღეს ოპოზიცია საარჩევნო უფლების დაცვის ლოზუნგით ახორციელებს, არის პირდაპირი ზეწოლა საარჩევნო კომისიაზე. მოვუწოდებ მათ, დატოვონ მიმდებარე ტერიტორია. ვიცით, რომ კომისიებში არის ყველა პარტია, ამიტომ არანაირი საჭიროება იმისა, რომ იქ დამატებით ხალხი შევიდეს, არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, გამოეხმაურონ საკითხს.

„კომისიების სხდომაზე არიან არასამთავრობო ორგანიზაციების და უცხოური სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ვაცადოთ მათ მუშაობა, ხელი არ შევუშალოთ, არ მოვახდინოთ ზემოქმედება, ვინაიდან ეს აკრძალული ქმედებაა. მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს გამოეხმაურონ ამ საკითხს და მიმართონ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ამ წუთას დაკავებული არიან სარჩევნო უფლების ხელყოფის მცდელობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თბილისსა და რამდენიმე რეგიონში საოლქო საარჩევნო კომისიებთან ხმაური და დაპირისპირებაა. ოპოზიციის წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრებას ითხოვენ, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.