შალვა პაპუაშვილი - რაღაც ჩანაწერებით მდგომარეობის აჟიტირება ხდება, თითქოს, რაღაც სკანდალური ხდება, გამოიწვევენ რამდენიმედღიან მღელვარებას, მაგრამ ბოლოს, ყველაფერი ლაგდება და ცხადდება
შალვა პაპუაშვილი - რაღაც ჩანაწერებით მდგომარეობის აჟიტირება ხდება, თითქოს, რაღაც სკანდალური ხდება, გამოიწვევენ რამდენიმედღიან მღელვარებას, მაგრამ ბოლოს, ყველაფერი ლაგდება და ცხადდება

ჩანაწერის ავთენტურობა არავის დაუდასტურებია და არ მგონია, რომ ამ ჩანაწერიდან ბევრმა რამე განსაკუთრებული შინაარსი გამოიტანა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

„მედიაში საუბრობენ, თითქოს ეს სატელეფონო საუბარი დაადასტურა ერთ-ერთმა მხარემ, რაც სინამდვილეში, არ დაუდასტურებია, რამდენადაც მოვისმინე. ერთადერთი, მან თქვა, რომ იმ საუბრის ერთ-ერთი ფიგურანტი ნამდვილად იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა ჩანაწერის ავთენტურობა არავის არ დაუდასტურებია. რაც შეეხება ზოგადად ამ კამპანიებს, მათ შორის, ამ ჩანაწერიდანაც არ მგონია, რომ ბევრმა რამე განსაკუთრებული შინაარსი გამოიტანა. ვხედავთ, რომ ამაზე საზოგადოებასაც დიდად არ აქვს რეაქცია, იქიდან გამომდინარე, რომ ხდება რაღაც საკითხების და მათ შორის, ასეთი ჩანაწერების შეფუთვა და სიტუაციის შექმნა, თითქოს რაღაც სკანდალთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში, თუ დავუკვირდებით, ერთი, რომ გაურკვეველია, რა ჩანაწერია, საიდან არის, რამდენად ავთენტიკურია და მეორე, შინაარსსაც თუ დავუკვირდებით, იქაც კითხვები წარმოიშვება, რა არის ამ შინაარსში განსაკუთრებით სკანდალური“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აღნიშნული განცხადებით შალვა პაპუაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, მას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, გაუჩნდა თუ არა შეკითხვები ბიძინა ივანიშვილსა და რუს ბიზნესმენს შორის საუბრის აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც მედიით გავრცელდა.

მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მათ შორის, რაღაც ჩანაწერებით მდგომარეობის აჟიტირება ხდება.

„ეს არის მდგომარეობის აჟიტირება, როდესაც უნდა შეიქმნას საზოგადოებაში გარკვეული ემოციური აღტკინება, თითქოს, რაღაც სკანდალური ხდება და ეს პირველი შემთხვევა არ არის. მათ შორის, ჩანაწერებთან დაკავშირებით უკვე რამდენჯერ მოხდა ასეთი რამ, როცა გამოიწვევენ რამდენიმედღიან მღელვარებას, მაგრამ ბოლოს, ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება და საერთო ჯამში, ყველაფერი ცხადდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, განიხილება თუ არა ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლა, რასაც ოპოზიციის ნაწილი ითხოვს, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ინტერპელაციის საკითხი ჩანაწერს არ უკავშირდება, ის ზოგადად, სანქციებთან დაკავშირებით არის, მაგრამ ფრაქციებს და დეპუტატების ჯგუფს შეუძლია, ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ და პრემიერმა განაცხადა კიდეც, რომ ის ამ კონსტიტუციურ ვალდებულებას შეასრულებს.