შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიციის დაჯგუფების მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლა, ვინც ამ დაჯგუფებასთან თანამშრომლობს, ექსტრემისტული დღის წესრიგის თანამონაწილეა
ელენე ხოშტარია მხოლოდ საკუთარი სახელით არ საუბრობს, საუბრობს, მათ შორის, იმ ჯგუფის სახელით, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან ერთად არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებაზე, რომ „5 ოქტომბერი იქნება შეურიგებლობის თარიღი და არა – არჩევნების“.
„დღეს ვნახეთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ერთ-ერთ ბრიტანელ მინისტრს ხელს ართმევს. ბრიტანელმა მინისტრმა ხელი რომ ჩამოართვა, იმ ადამიანის ჯგუფი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლისთვის ემზადება. დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მეოთხე მუხლში გვიწერია, რომ მხარეებმა უნდა იმუშაონ, რათა დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობა უზრუნველყოფილი იყოს. შესაბამისად, როცა ხელს ართმევ იმ ადამიანს, რომელსაც აქვს ექსტრემისტული დღის წესრიგი, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არჩევნებს, კანონებს და მომავალი არჩევნების ჩაშლაზე მუშაობს, ამით ექსტრემისტულ დღის წესრიგს ახალისებ.
ახლა უკვე ოფიციალურად გაცხადდა, რომ რადიკალური ოპოზიციის დაჯგუფების მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლა. შესაბამისად, ვინც ამ დაჯგუფებასთან თანამშრომლობს, ვინც მათ ფულს აძლევს, ვინც მათ ხელს ართმევს და ამით მათთან გარკვეულ სალონურ ურთიერთობაში შედის, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმას აქეზებს, თანამონაწილეა ექსტრემისტული დღის წესრიგის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.