შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიცია ეწევა კამპანიას, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მათი ლოგიკა არის, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ხელისუფლების გაძლიერება იქნება
შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიცია ეწევა კამპანიას, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მათი ლოგიკა არის, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ხელისუფლების გაძლიერება იქნება

ვაკვირდებით კამპანიას, რომელსაც ეწევა რადიკალური ოპოზიცია – „არ მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი“. ეს იყო ივნისში, ვიდრე ევროპული საბჭო მიიღებდა გადაწყვეტილებას, ამას ვხედავთ მთელი ეს პერიოდია, მათი ქმედებებიც და მათი სიტყვაც ადასტურებს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ფართომასშტაბიანი კამპანია, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას არ სურს, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რადგან ეს ხელისუფლების გაძლიერება იქნება.

„ლოგიკა არის ძალიან მარტივი და ამავე დროს სამწუხარო, ვინაიდან ჩანს, თუ რამდენად დაცლილია რადიკალური ოპოზიცია ყოველგვარი პატრიოტიზმისგან. ლოგიკა არის შემდეგი, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნისთვის იქნება ხელისუფლების გაძლიერება, ხოლო ყველაფერი, რაც აძლიერებს ხელისუფლებას, მათი გადმოსახედიდან არის ცუდი, ვინაიდან მათ სურთ ერთადერთი რამ, შეასუსტონ ხელისუფლება, შეასუსტონ ხალხის მიერ არჩეული მთავრობა და რამენაირად არეულობის გზით დაიბრუნონ ის აბსოლუტური ძალაუფლება, რომელიც მათ წლების წინ ჰქონდათ და რომელიც ასე ენატრებათ. ფაქტია, რომ ეს არის ჩვეულებრივი კამპანია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიცია უცხოელი პარტნიორების დარწმუნებით არის დაკავებული, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„ის, რომ ეს არის კამპანია, იმითიც დასტურდება, რომ ვხედავთ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს რეკომენდაციების შესრულებაში საკუთარი წვლილის შეტანით, დაკავებულია სხვადასხვა ვოიაჟებში მონაწილეობით და უცხოელი პარტნიორების იმაში დარწმუნებით, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტსტუსი. რაც შეეხება რეალურ დამოკიდებულებას ევროკავშირში, ამ რეალურ დამოკიდებულებას ჩვენ ყოველდღიურად სხვადასხვა შეხვედრებზე ვხვდებით, მათ შორის ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში, იცით, რომ გვქონდა შეხვედრა ევროპარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერთან და ასევე ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ჩეხეთი გახლავთ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ასე რომ აქ ყველაფერი გარკვეულია. ჩვენ გვაქვს ევროპელი კოლეგებისა და ცალკეული ქვეყნების სრული მხარდაჭერა. მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი ევროკავშირის წვერი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთადერთი, რაც აზიანებს ამ გზას, ეს გახლავთ რადიკალური ოპოზიციის კამპანია – „არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.