შალვა პაპუაშვილი - ქვეყნებთან საუბრისას ხაზს ვუსვამთ, რომ საერთო ინტერესია, დაცული იყოს საერთაშორისო სამართლის პრინციპები, ამ პრინციპების უპატივცემულობა მხოლოდ ქაოსამდე მიგვიყვანს
შალვა პაპუაშვილი - ქვეყნებთან საუბრისას ხაზს ვუსვამთ, რომ საერთო ინტერესია, დაცული იყოს საერთაშორისო სამართლის პრინციპები, ამ პრინციპების უპატივცემულობა მხოლოდ ქაოსამდე მიგვიყვანს

ქვეყნებთან საუბრისას ხაზს ვუსვამთ, რომ ყველა ქვეყნის საერთო ინტერესია, საერთაშორისო სამართლის პრინციპები იყოს დაცული. ჩვენ თუ დავუშვებთ, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები არ იქნება პატივცემული, ეს მხოლოდ ქაოსამდე მიგვიყვანს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლუანდაში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ფორმატები, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების წევრებსა და თავმჯდომარეებს ხვდებიან, იძლევა შესაძლებლობას, ისაუბრონ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საგარეო პრიორიტეტებზე, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე.

„ასამბლეაზე პარლამენტების ათასზე მეტი წევრია, 50 პარლამენტის თავმჯდომარეა, რაც კარგი შესაძლებლობაა, რომ იმ კოლეგებს შევხვდეთ, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობა არ გვაქვს და გეოგრაფიულად ორმხრივი ვიზიტები რთულია. სწორედ ეს ფორმატები იძლევა შესაძლებლობას, რომ საუბარი გვქონდეს ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე. ეს განსაკუთრებით ეხება არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებას. გაერო-ში იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით ჩვენს რეზოლუციას რეკორდულად მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს მაღალი მხარდაჭერა შენარჩუნდეს. დღეს ძირითადი სასაუბრო თემები ამაზე იქნება. თანამედროვე გამოწვევები – ვგულისხმობ იმ კონფლიქტებს, რომლებიც ბოლო პერიოდში დიდი მასშტაბით მიმდინარეობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში – გვაჩვენებს, რომ მცირე ქვეყნები განსაკუთრებულად დამოკიდებული ვართ საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების პატივისცემაზე. სინამდვილეში, ეს არის ის სიძლიერე, ინსტრუმენტი და იარაღი, რომლებიც პატარა ქვეყნებს გვაქვს. ქვეყნებთან საუბრისას ხაზს ვუსვამთ, რომ ყველა ქვეყნის საერთო ინტერესია, დაცული იყოს საერთაშორისო სამართლის პრინციპები. ჩვენ თუ დავუშვებთ, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები არ იქნება პატივცემული, ეს მხოლოდ ქაოსამდე მიგვიყვანს, რომლის მსხვერპლი, საბოლოო ჯამში, ყველა იქნება. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს გეოგრაფიულ სიშორეს კონფლიქტების მიმართ, ეს განსაკუთრებით უკრაინაზე რუსეთის აგრესიულმა თავდასხმამ გვაჩვენა. გეოგრაფიულ სიშორეს მნიშვნელობა არ აქვს, საბოლოო ჯამში, ყველა დაზარალებული და დაზიანებულია, თუ ქვეყნები საერთაშორისო სამართლის პრინციპებს პატივს არ სცემენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.