შალვა პაპუაშვილი - ქურდის მსგავსად ფიქრობენ, რომ მათ ეკუთვნით ხელისუფლება და ამიტომ შეუძლიათ, ძალით აიღონ, ეს არის კრიმინალური მორალი
შალვა პაპუაშვილი - ქურდის მსგავსად ფიქრობენ, რომ მათ ეკუთვნით ხელისუფლება და ამიტომ შეუძლიათ, ძალით აიღონ, ეს არის კრიმინალური მორალი

ქურდიც ფიქრობს, რომ მას ეკუთვნის რაღაც ნივთი და ამიტომ შედის სხვის სახლში, იპარავს იქიდან ნივთებს. ესენიც ფიქრობენ, რომ მათ ეკუთვნით ხელისუფლება და ამიტომ შეუძლიათ, ძალით აიღონ ეს ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, ვინ არის პასუხისმგებელი პროცესების იმ განვითარებაზე, რაც საზოგადოებამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის დროს იხილა.

„ეს არის ერთი და იგივე მორალი – კრიმინალური მორალი. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, აქ სხვადასხვა გრადაციაა. არის უშუალოდ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და შსს, უსაფრთხოების სამსახური მოქმედებენ ძალიან მაღალი სტანდარტით, სისტემურად, ხდება განცალკევება იმისა,  ვის აქვს უშუალოდ სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი. მეორე ნაწილი არის შიდა პოლიტიკური ჯგუფები და ამაში მოიაზრებიან პარტიული და ენჯეო ჯგუფები, რომლებიც იყვნენ სრული მონაწილე 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალებისა. ერთმანეთზეც ძალიან კარგად საუბრობენ სხვათა შორის, რა პასუხისმგებლობა აქვთ. კერძოდ ის, რომ ახლა ზოგიერთმა ამ აქტივისტმა, რომელიც 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე მივიდა ხელისუფლების დასამხობად, ზუსტად იცოდა, რისთვის მიდიოდა. მანამდე ჰქონდათ რამდენიმეკვირიანი კამპანია ნეპალთან შედარებით, ზუსტად იცოდნენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება, სადაც უნდა შევარდნილიყვნენ და დაეღვარათ სისხლი. ახლა ნურავინ თავს ნუ იკატუნებს, რომ 4 ოქტომბერს იქ მივიდა იმისთვის, რომ უბრალოდ მისულიყო, გაესეირნა, ზოდელავასთვის მოესმინა და მერე სახლში დაბრუნებულიყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მხოლოდ სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების ჩავრდნის შემდეგ მიხვდა ყველა, თუ რა შარში გაყვეს თავი.

„ახლა ცდილობენ ამის გადასხვაფერებას, თქმას, თითქოს არ ვიცოდი, არ მეგონა… ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ სახელმწიფო გადატრიალებას მოჰყვება პასუხისმგებლობა. აქ საბავშვო ბაღში არავინ არ არის და ყველამ ძალიან კარგად იცოდა ეს ყველაფერი. ამიტომ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იზიარებენ ის პოლიტიკოსები, „ენჯეოები“ და რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც თავისუფლების მოედანზე ამ ქვეყნის დასამხობად მივიდა. ამ რამდენიმე ათასმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ისინი მონაწილენი იყვნენ ჩვენი ქვეყნის დამხობისა და ვერ შედგა ეს დამხობა“, – განაცხადა სალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასევე საუბრობს გარე აქტორების პასუხისმგებლობზე, რომლებიც, მისი თქმით, არიან მთავარი სულისჩამდგმელი ჩავარდნილი სახელმწიფო გადატრიალების.

„კიდევ ერთი პასუხისმგებლობა არის გარე აქტორების, გარე ძალების. ისინი არიან მთავარი. მათ გარეშე არ იქნებოდა არაფერი, არ იქნებოდა ეს ძალადობა, არ იქნებოდა შევარდნები, არ იქნებოდა მანამდე პარლამენტის შტურმის მცდელობები. ჩვენ სხვადასხვა ეტაპი გავიარეთ ხელისუფლების დამხობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებისა. ჩვენ ვნახეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომ ეს სცადეს პარტიების ხელით და ჩაუვარდათ. შემდეგ ვნახეთ 2021 წელს, ეს სცადეს მედია მენეჯერების ხელით. გახსოვთ მაშინდელი აქციები, როდესაც ჯერ კიდევ ჟურნალისტი იყო ზოგიერთი, რომელიც შემდეგ პოლიტიკაში აღმოჩნდა.  2022 წლის ივნისში ეს სცადეს შემდეგ „ენჯეოების“ ხელით და ესეც ჩაუვარდათ. ახლა ვხედავთ, რომ პირდაპირ თავად ჩაერთნენ უცხო ძალები ხელისუფლების დამხობაში. გარე ძალებმა, პოლიტიკოსებმა, მათ შორის, მოლდოვის პრეზიდენტმა პირდაპირ მხარდაჭერა გამოუცხადეს მათ, ვინც პრეზიდენტის სასახლეს შტურმით იღებდა. ახლა ცდილობენ, რომ პასუხისმგებლობა აირიდონ თავიდან, ან აარიდონ მათ, ვინც ჩართული იყო ქვეყნის დამხობაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.