შალვა პაპუაშვილი - ქართველმა ხალხმა მოქმედ მთავრობას მისცა ლეგიტიმაცია, წარმოადგინოს საგარეო ურთიერთობებში, ქართველ ხალხს პრეზიდენტისთვის ეს უფლებამოსილება არ მიუნიჭებია
შალვა პაპუაშვილი - ქართველმა ხალხმა მოქმედ მთავრობას მისცა ლეგიტიმაცია, წარმოადგინოს საგარეო ურთიერთობებში, ქართველ ხალხს პრეზიდენტისთვის ეს უფლებამოსილება არ მიუნიჭებია

მნიშვნელოვანია, რომ არ ავყვეთ მანიპულაციებს, თითქოს ვინმე ვინმეს ბლოკავს. ბლოკავს ნიშნავს, რომ ინსტიტუტს აქვს რაღაც უფლება, რომელი უფლების წართმევაც ხდება. სინამდვილეში არის ასე, რომ ექსკლუზიური უფლებამოსილება საგარეო პოლიტიკის განხორციელების მხრივ აქვს მთავრობას და მთავრობამ უნდა მისცეს თანხმობა, რომ პრეზიდენტმა განახორციელოს საგარეო პოლიტიკაში წარმომადგენლობა, ეს არის მთავარი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მთავრობის კომპეტენციაში იჭრება პრეზიდენტი, მაშინ როცა მისი თანხმობის გარეშე ახორციელებს საგარეო ვიზიტებს.

„რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, საქართველო საგარეო ურთიერთობაში უნდა წარმოდგეს ერთი ხმით და ვხედავთ, რომ ეს ერთი ხმით გამოსვლა არ ხდება. ქართველმა ხალხმა ლეგიტიმაცია მისცა სწორედ მოქმედ მთავრობას, რომ მან წარმოადგინოს ქართველი ხალხი საგარეო ურთიერთობაში, პოლიტიკა, სტრატეგია დაგეგმოს მთავრობამ პარლამენტის მითითების შესაბამისად. ეს ერთი ხმა უნდა ჟღერდეს გარეთ და დისონანსის შემოტანა არის ის, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ქართველი ხალხის ინტერესებს. საუბარი, თითქოს პრეზიდენტის ეს მოტივაცია არის კეთილი, დისონანსის შემოტანა საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში არის დაზიანება საქართველოს ინტერესების. პარლამენტი, მთავრობა და „ქართული ოცნება“ ახორციელებს ერთადერთ კურსს, რომელიც გულისხმობს საქართველოს დაახლოებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატო-ში. პრეზიდენტს აქვს სხვა უფლებამოსილებები. ქართველ ხალხს საქართველოს პრეზიდენტისთვის არ მიუნიჭებია თავისი საგარეო პოლიტიკის განხორციელების უფლებამოსილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.