შალვა პაპუაშვილი - ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას როცა ჩამოაცილა სააკაშვილის რეჟიმი, გარედან ჩარევის გამო ვერ მოხდა მართლმსაჯულების აღსრულება, პასუხად დღეს ხალხს უბრუნებენ კვლავ რადიკალიზაციას
შალვა პაპუაშვილი - ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას როცა ჩამოაცილა სააკაშვილის რეჟიმი, გარედან ჩარევის გამო ვერ მოხდა მართლმსაჯულების აღსრულება, პასუხად დღეს ხალხს უბრუნებენ კვლავ რადიკალიზაციას

ადამიანი, ინდივიდი, ღირსება – ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არანაირი ფასეულობა, ღირებულება არ არის. ამიტომაც გვესმის ასეთი შეფასებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „მთავარი“ არხის დამფუძნებელის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „„ნაციონალური მოძრობის“ მძიმე შეცდომა მგონია ის, რომ 2012 წელს მოიგო ბიძინა ივანიშვილმა. მგონია, რომ ეს მათი მძიმე შეცდომების ბრალია და არა იმ ნაწილში, რა შეეშალათ, ციხე იქნება თუ გირგვლიანის საქმე“.

პაპუაშვილის თქმით, მისთვის გასაგებია, რა ღირებულებზეც დგას ნიკა გვარამია.

„აქედან გამომდინარე, საერთო ჯამში, არაფერი მიკვირს. კომენტარსაც ვერ გავაკეთებ, გასაგებია, რა ღირებულებზეც დგას ეს ადამიანი და მის გარშემო მყოფი ადამიანები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თავის დროზე გარედან ჩარევის გამო ვერ მოხდა მართლმსაჯულების აღსრულება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ლიდერებთან მიმართებით.

„თავის დროზე, როცა ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას ჩამოაცილა მიხეილ სააკაშვილის ტირანული რეჟიმი, ხალხში იყო მოთხოვნა, რომ ყოფილიყო პროცესი, რომელიც გაასამართლებდა იმ პერიოდის რეჟიმის შემოქმედებს. იცით, რომ მაშინ გარედან მოხდა ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში, რათა ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი დაეფარათ პასუხისმგებლობისაგან. ჩვენ მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე ვხედავთ, როგორ არის ასეთი გარე ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში, რათა დამახინჯდეს, ხელი შეეშალოს მართლმსაჯულების აღსრულებას. ვხედავთ, რა ენერგია იხარჯება მიხეილ სააკაშვილზე ყალბი სტატიებით, ყალბი ექსპერტიზებით, უცხოელი პოლიტიკოსების ყალბი განცხადებებით და წარმოიდგინეთ, რა ვითარება იყო ათი წლის წინ, როცა უფრო დიდი ტალღა იყო მაშინ იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელ მფარველებს მათთვის დამსახურებული სასჯელი და სასამართლო აერიდებინათ. ამიტომ, თავის დროზე, სამწუხაროდ, გარედან ჩარევის გამო ვერ მოხდა მართლმსაჯულების აღსრულება. დღეს, ნაცვლად ამისა, პასუხად ქართველ ხალხს უბრუნებენ კვლავ რადიკალიზაციას და იმავე რეჟიმის აღდგენის მუქარას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.