შალვა პაპუაშვილი - ქართველი ყორღანაშვილები თანამშრომლობენ უცხო ძალებთან, რათა საქართველოზე პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმებისთვის საბაბები შექმნან, ეს არის მთელი სქემა
მთელი სქემაა, სადაც ვხედავთ ქართველ ყორღანაშვილებს, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ უცხო ძალებთან, რათა შექმნან საბაბები საქართველოზე სხვადასხვა სახის საინფორმაციო-პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე, რომელიც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ეხება და ამ გამოძიების ფარგლებში დაკითხულ პირებზე.
„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საკითხით დაინტერესდა და ყურადღებით დააკვირდნენ ასეთი სუბიექტების მოქმედებას საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ხელისგულზე დევს, რასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო თავდასხმასთან. ეს არის ჰიბრიდული ომის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მეთოდი. სახელმძღვანელოებში პირდაპირ გაწერილია, როგორ იქმნება ყალბი კვაზიმეცნიერული ნაშრომები, ეგრეთ წოდებული კვლევები. პირდაპირ ნაბიჯებად არის გაწერილი, რომ ჯერ იქმნება ყალბი კვლევა, რომლის ტირაჟირება ხდება მედიის მხრიდან, შემდეგ – ამაზე გამოხმაურება. ამით იქმნება აღქმა გარკვეულ ქვეყანასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ გვაქვს პირდაპირი საინფორმაციო ომი, რომლის მონაწილეებად ისახებიან უცხოეთიდან დაფინანსებული აქტორები. ვხედავთ ტაივანის სეპარატისტული რეჟიმის მიერ დაფინანსებულ თინა ხიდაშელს, რომელსაც გამოკვეთილი ანტიქართული დღის წესრიგი აქვს, ცდილობს, დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა, გარე ძალებს შეუქმნას საბაბები საქართველოზე პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმის; ვხედავთ გიორგი კანდელაკს, რომელიც ასევე უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანია. ყველა კრიტიკულ მომენტში კანდელაკი არის პირველია ადამიანი, რომელიც ცდილობს დაბნეულობის შემოტანას საზოგადოებაში, ცდილობს, გარედან დარტყმის ობიექტი აქციოს საქართველო. გიორგი კანდელაკი ჯერ კიდევ 2017 წელს, როდესაც უვიზო მიმოსვლას გვაძლევდნენ, დერეფნიდან დერეფანში დარბოდა და ცდილობდა, პროცესი ჩაეშალა. შეგახსენებთ სამების ტაძარში ხატთან დაკავშირებულ სკანდალს. გიორგი კანდელაკი შეეცადა, არაფრიდან შეექმნა სკანდალი. ეს ადამიანი მუშაობს იმისთვის, რომ უცხო ძალებს საქართველოზე თავდასხმის საბაბები შეუქმნას. ზუსტად ამას აკეთებს ეკა გიგაური, ესტონელი „ენჯეოშნიკი“. ვფიქრობ, მათ, ვისაც უნდათ იკვლიოს დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის მეთოდები, საქართველოში შეუძლიათ ჩამოვიდნენ და დისერტაციები წერონ, როგორ ეხმარებიან ადგილობრივი ყორღანაშვილები უცხო ძალებს, რათა საქართველო მათი თავდასხმის ობიექტი გახადონ. პირდაპირ არის სქემა, რომელიც გამოჩნდა, დაიწერა ორი დეზინფორმაციულ-პროპაგანდისტული სტატია და საზღვარგარეთ გამოქვეყნდა. ორივეს ავტორები არიან ქართველები. უფრო სწორად, სამი ავტორია, თინა ხიდაშელი, რომელიც რაღაც კვლევებზე საუბრობს, დაკვირვებებზე, გიორგი კანდელაკი და კიდევ არის ერთი ქართველი ქალი, რომელმაც ასევე „ჰილსში“ გამოაქვეყნა სტატია. სამივე ეგრეთ წოდებული კვლევა არის ცრუ, რომელმაც უნდა შექმნას საბაბი, აიწიოს საინფორმაციო ხმაური ამასთან დაკავშირებით, გაიხსნას ბრალდებები საქართველოს წინააღმდეგ. მართლაც მძიმეა, როდესაც ყოფილი სამხედრო და ჩვენი სამხედრო ძალების ერთ-ერთი ყოფილი მაღალი ხელმძღვანელი პირი პირდაპირ ეთერში ასახელებს, მისი აზრით, სად შეიძლება, სად იქნებოდა კარგი, რომ დარტყმა მიიტანოს, ვინც ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებს ემტერება. ეს არის მთელი სქემა, სადაც ვხედავთ ქართველ ყორღანაშვილებს. ისინი პირდაპირ თანამშრომლობენ უცხო ძალებთან, რათა შექმნან საბაბები საქართველოზე სხვადასხვა სახის საინფორმაციო-პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და, მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით. გამოძიება სსკ-ის 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე, გიორგი კანდელაკი და ვახტანგ კაპანაძე გამოიკითხნენ.