შალვა პაპუაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ბარიერი ერთ პროცენტამდე შეამცირა, საბოლოოდ მივიღეთ ფანჩატურის პარტიები, რომელთაც „ნაცმოძრაობა“ ხელმძღვანელობდა
შალვა პაპუაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ ბარიერი ერთ პროცენტამდე შეამცირა, საბოლოოდ მივიღეთ ფანჩატურის პარტიები, რომელთაც „ნაცმოძრაობა“ ხელმძღვანელობდა

ქართული პოლიტიკის მთავარი გამოწვევაა ის, რომ „ნაცმოძრაობას“ ფულადი და მედია რესურსები აქვს და ამ რესურსებზე დამოკიდებული ოპოზიციური პარტიები „ნაცმოძრაობის“ ფანჩატურს ვერ სცდებიან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ფანჩატურის პარტიებად ჩამოყალიბებული ვითომ დამოუკიდებელი პარტიები მოქმედებდნენ „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგით“.

„ყველაფერი „ნაცმოძრაობის“ ქოლგის ქვეშაა, იქნებიან პირდაპირ „ნაცმოძრაობის“ სიაში თუ იმ ფანჩატურში, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ მართავს, ამაში დიდი განსხვავება არ არის, ჩვენ ეს კინო უკვე 2020 წელს ვნახეთ, როცა იმ იმედით, რომ პოლარიზაცია შემცირებულიყო დაბალი ბარიერით და პარლამენტში მეტი პარტია ყოფილიყო, „ქართულმა ოცნებამ“ ბარიერი ერთ პროცენტამდე შეამცირა. საბოლოო ჯამში ფანჩატურის პარტიები მივიღეთ, რომელთაც სრულად „ნაცმოძრაობა“ ხელმძღვანელობდა. ქართული პოლიტიკის მთავარი გამოწვევაა ის, რომ „ნაცმოძრაობას“ ფულადი და მედიარესურსები აქვს და ამ რესურსებზე დამოკიდებული ოპოზიციური პარტიები „ნაცმოძრაობის“ ფანჩატურს ვერ სცდებიან. მათი მცდელობაა, ამომრჩეველი დააბნიონ, თითქოს არის რაღაც მესამე-მეოთხე თუ მეთხუთმეტე გზა, სინამდვილეში, „ნაცმოძრაობაში“ ერთი გზაა, რომელზეც დგას პარტიების უმეტესობა. სხვათა შორის, ეს ჩვენი გამოცდილებით დადასტურდა, როცა ფანჩატურის პარტიებად ჩამოყალიბდნენ ვითომ დამოუკიდებელი პარტიები და მოქმედებდნენ „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგით, როცა გახარიას პარტიამ „ნაცმოძრაობას“ საკრებულოებში კოალიციები შეუქმნა. ეს ყველაფერი ხელისგულზე დევს და ამას ქართული საზოგადოება ხედავს, რომ ეს თვალში ნაცარის შეყრაა, თითქოს დამოუკიდებელი პარტიები არიან, სინამდვილეში, ამას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.