შალვა პაპუაშვილი - დონალდ ტუსკმა ქართული საკითხი გამოიყენა, რათა რამდენიმე ხმით მეტი მიეღო ნდობის გამოცხადებისას, ეს აჩვენებს, როგორ იოლად წირავენ ქართველ ხალხს საკუთარი ინტერესებისთვის
შალვა პაპუაშვილი - დონალდ ტუსკმა ქართული საკითხი გამოიყენა, რათა რამდენიმე ხმით მეტი მიეღო ნდობის გამოცხადებისას, ეს აჩვენებს, როგორ იოლად წირავენ ქართველ ხალხს საკუთარი ინტერესებისთვის

ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის მოხდა ქართველების და ქართული საკითხის გამოყენება, რათა დონალდ ტუსკს რამდენიმე ხმით მეტი მიეღო პარლამენტში ნდობის გამოცხადების დროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართველი ხალხის მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას.

„შემაშფოთებელია, როდესაც არის მცდელობა, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენონ სხვა ხალხი. ვიცით, რომ გუშინ პრემიერ ტუსკს პოლონეთის პარლამენტში ჰქონდა ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით კენჭისყრა და იმისთვის, რომ რამდენიმე ხმით მეტის გარანტია ჰქონოდა, მოხდა ქართველი ხალხის და ქართული თემის, საკითხის გამოყენება პოლიტიკური მიზნით, რაღაც კონსერვატორულ ხაზზე დაჯდომის მცდელობა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ იოლად წირავენ ხოლმე ქართველ ხალხს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. საუბარი იმასთან დაკავშირებით, თითქოს ქართველები რაღაცას აშავებენ პოლონეთში ან ბევრნი არიან და ა.შ. არასერიოზულია. შეგიძლიათ, ნახოთ სტატისტიკა, მათ შორის პოლონეთში უცხოელი მიგრანტების ქცევიდან გამომდინარე, და გარწმუნებთ, რომ ნახავთ, მათ შორის, პოლონეთის მეზობელ ქვეყანას, რომელიც, რაოდენობრივად და სხვადასხვა დარღვევიდან გამომდინარე, სტატისტიკურად უფრო მეტია. ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ ასე პოლიტიკური მიზნებისთვის მოხდა ქართველების და ქართული საკითხის გამოყენება, რათა რამდენიმე ხმით მეტი მიეღო პარლამენტში ნდობის გამოცხადების დროს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართველი ხალხის მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის მოქმედი მთავრობა, მოქმედი პრემიერი, მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი გახლავან მიხეილ სააკაშვილის ლობისტები. შეგახსენებთ „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობებს, სადაც დონალდ ტუსკმა თავად, როგორც „სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელმა, წაგვიკითხა მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან, კრიმინალის, წამების სისტემის შემქმნელი ადამიანის წერილი წაგვიკითხა და ცალკე გახსოვთ მისთვის გამოყოფილი ცარიელი სკამი, რომელიც დონალდ ტუსკმა გამოყო მისთვის. გვახსოვს საგარეო საქმეთა მინისტრის, სიკორსკის განცხადებები, როდესაც ის წამების, რეკეტის სისტემის შემქმნელ სააკაშვილს დღესაც უწოდებს მოდერნიზატორს და სამაგალითო დემოკრატს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სეიმში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას აღიშნა, რომ რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს.