შალვა პაპუაშვილი – „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკა და საზოგადოების მხარდაჭერა რომ არა, მშვიდობის შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა, ქვეყანა განადგურების კალაპოტიდან მშვიდობის კალაპოტზე გადავიყვანეთ

13:05, 27.09.2026

საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, ოთხი ხელისუფლებიდან სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა ის, რომელმაც შეძლო უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება, რომ არა სწორი პოლიტიკა და მხარდაჭერა ქართული საზოგადოებისა, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, ქვეყნის უახლესი ისტორია აჩვენებს, რომ უფრო ბუნებრივი მდგომარეობა იყო კონფლიქტები და ომები, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კი ქვეყანა განადგურების კალაპოტიდან მშვიდობის კალაპოტზე გადაიყვანა.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩვენი სარჩელის საფუძველზე, ჩვენი მონდომებით დაადგინა, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონი და უფრო მეტიც, ოკუპირებული არა მხოლოდ 2008 წლიდან, სწორედ 1990-იანი წლებიდან. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, რაც ნიშნავს, რომ ეს არის ოკუპაცია. რაც შეეხება ოკუპაციას, ბოლო წლებამდე ევროკავშირი არც ერთ დოკუმენტში, განცხადებაში არ ამბობდა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია და აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს მოიხსენიებდა არა ოკუპირებულ ტერიტორიებად, არამედ სხვა ტერმინოლოგიით, როგორც საქართველოდან გამოხლეჩილ ტერიტორიებს. ჩვენი მუდმივი მოწოდებების შედეგად, ბოლო ორი წელია ალბათ, რაც ზოგიერთ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ ჩასწორდა ეს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოიხსენიებიან კომბინაციაში – ოკუპირებულ და გამოყოფილ ტერიტორიებად, რაც ასევე მიუღებელია. ევროკავშირი ბოლო და ბოლოს უნდა შეეშვას ამგვარ ორმაგ სტანდარტს და ოკუპაციას დაარქვას ოკუპაციის სახელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა.

მსგავსი