შალვა პაპუაშვილი - „ქართული ოცნების“ ნებისმიერ ინიციატივაზე მექანიკური კრიტიკა მოწმობს, რომ საქმე გვაქვს არა გააზრებულ პოზიციასთან, არამედ იმპულსების დონეზე დაყვანილ შეპასუხებასთან
შალვა პაპუაშვილი - „ქართული ოცნების“ ნებისმიერ ინიციატივაზე მექანიკური კრიტიკა მოწმობს, რომ საქმე გვაქვს არა გააზრებულ პოზიციასთან, არამედ იმპულსების დონეზე დაყვანილ შეპასუხებასთან

სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის გარეშე არ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო და არც ევროსაბჭოს იდეა არსებობს ამ უფლების აღიარების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნული პოსტით პაპუაშვილი ეხმაურება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საკითხზე მომხსენებლების განცხადებას კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით.

„ნებისმიერი სუბიექტის მიმართ ბრალდება იმის გამო, რომ მან საკუთარი უფლებით ისარგებლა და სასამართლოს მიმართა, ან ამ ძირეული პრინციპის გაუაზრებლობაა, ან ამ უფლების წართმევა. ერთიც და მეორეც შემაშფოთებელია.

„ქართული ოცნების“ ნებისმიერ ინიციატივაზე მექანიკური კრიტიკა მოწმობს, რომ საქმე გვაქვს არა გააზრებულ პოზიციასთან, არამედ იმპულსების დონეზე დაყვანილ შეპასუხებასთან“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა – „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ მოამზადეს ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“;  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.