შალვა პაპუაშვილი - „ქართული ოცნების“ იდეა და საქმე არის ევროპა, ნატო და დასავლეთთან ინტეგრაცია
შალვა პაპუაშვილი - „ქართული ოცნების“ იდეა და საქმე არის ევროპა, ნატო და დასავლეთთან ინტეგრაცია

„ქართული ოცნების“ იდეა და საქმე არის ევროპა, ნატო და დასავლეთთან ინტეგრაცია, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რა იდეით გადის „ქართული ოცნება“ არჩევნებზე, რადგან ოპოზიცია მმართველ გუნდს ანტიდასავლურ ქმედებებსა და პრორუსულ რიტორიკაში, თუ იდეების ერთგულებაში ადანაშაულებს.

„ქართული ოცნების“ საქმე არის ასოცირების შეთანხმება, რომელიც არ დადო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და დადო „ქართულმა ოცნებამ“. „ქართული ოცნების“ საქმე არის ვიზალიბერალიზაცია და უკვე, საქართველოს ნახევარმა მილიონმა მოქალაქემ ისარგებლა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით. „ქართული ოცნების“ საქმე არის ნატო-სთან ისეთი დაახლოება, რომელიც აქამდე არ არსებობდა და „ქართული ოცნების“ საქმე არის ის, რომ მაგალითად, აშშ ჩვენ შეიარაღებას ისევ გვაწვდის. მაშინ, როდესაც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს შეწყვიტა. ასე რომ, „ქართულ ოცნებას“ არა მხოლოდ იდეა აქვს, ის ამ იდეას ახორციელებს. ბოლოს რომ ისევ რუსეთი-რუსეთი, პუტინი-პუტინზე გადადიან, ეს არის ოპოზიციის ბოლო არგუმენტი, როცა სხვა არგუმენტი არ აქვთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ დაიწყო საუბარი 3%-იან ბარიერზე და არღვევს თუ არა მმართველი პარტია 19 აპრილის შეთანხმებას, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება თავად ოპოზიციამ მოახდინა, განსაკუთრებით კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

„იმით, რომ 19 აპრილის შეთანხმებას რვა ოპოზიციური პარტიიდან ხელი ოთხმა არ მოაწერა. 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატთა უმრავლესობამ. ჩვენ ასი დღე ველოდებოდით ამ ხელმოწერას, მაგრამ ეს ხელმოწერა არ ყოფილა. სხვათა შორის, შემდეგ, როდესაც რამდენიმე დღის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ანულირებულ შეთანხმებას ხელი მოაწერა, საკუთარი ხელმოწერა რამდენიმე დღეში დაარღვია. იმით, რომ ამნისტიის კანონს ჯერ მხარი არ დაუჭირა და დღეს, ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ დაარღვია 19 აპრილის ანულირებული შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს, როდესაც ამნისტიის საკუთარ თავზე გავრცელებაზე უარი განაცხადა. აი, ეს არის სამწუხარო რეალობა, რასთანაც გვაქვს საქმე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ორ და სამპროცენტიან ბარიერს შორის პრინციპული სხვაობა არ არსებობს, არც პლურალიზმის და არც მართვისუნარიანობის, ან უმრავლესობის შეკვრის კუთხით.

„აქ ერთადერთი, კონკრეტული პარტიების ინტერესებია. ამ შემთხვევაში, „გირჩის“, რომელმაც 3%-ს ვერ მიაღწია და გასაგებია, რომ მის ინტერესშია, პროცენტი მას მოერგოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც შეთანხმების ანულირება მოხდა, აღარ არსებობს აღარანაირი ვალდებულება მანამდე ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილებების.

შეკითხვაზე, დაიცავდა თუ არა „ქართული ოცნება“ გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით ჩანაწერს, შეთანხმების ანულირება რომ არ მომხდარიყო, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს თავისთავად ასე იქნებოდა.

„მაგალითად, პროკურატურას რაც შეეხება, ეს ცვლილება იმიტომაც იყო ინიცირებული გარდამავალ დებულებებში და არა ძირითად დებულებებში, როგორც დროებითი ღონისძიება. ჩვენ ვთქვით – მართალია, არ არის სწორი, მაგრამ ვინაიდან ეს კომპრომისული შეთანხმება იყო, მაშინ ის მაინც ყოფილიყო, რომ გარდამავალ დებულებაში დროებითი ღონისძიება ყოფილიყო, რამდენიმე წლით და შემდეგ გაუქმდებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც შეთანხმება ანულირებული იქნა, ეს ვალდებულებაც არ იყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე მმართველ გუნდს ყველა ოპოზიციური პარტია დაეთანხმა და ის, რაც კამერების წინ ხდება, ძალით კრიტიკაა.

„გასაგებია, რომ პოლიტიკაა, მაგრამ გარწმუნებთ, დახურულ კარს მიღმა ყველა ხვდება, რომ ეს ჩანაწერი სიმახინჯე იყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.