შალვა პაპუაშვილი - ქართულ საზოგადოებას პირდაპირ ეუბნებიან, რომ ევროკავშირში ხედავენ მეორეხარისხოვან ერად, აბა, გაბედონ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა და გააკრიტიკონ ბრიუსელი
შალვა პაპუაშვილი - ქართულ საზოგადოებას პირდაპირ ეუბნებიან, რომ ევროკავშირში ხედავენ მეორეხარისხოვან ერად, აბა, გაბედონ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა და გააკრიტიკონ ბრიუსელი

ყველაზე დიდი ანტიევროპელები არიან ბრიუსელი და ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ევროკავშირის დღის წესრიგს განსაზღვრავენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა შუა პროცესში შეცვალა თამაში და კანდიდატ ქვეყნებს უთხრა, რომ დისკრიმინირებული ერები იქნებიან.

„სერბეთის პრეზიდენტთან მქონდა შეხვედრა და ამ საკითხზე ვისაუბრეთ. ყველა აღშფოთებულია, დარწმუნებული ვარ, სხვა კანდიდატი ქვეყნებიც. უცებ, შუა პროცესში ევროკავშირმა შეცვალა არათუ თამაშის პირობები, არამედ თამაში და თქვა, რომ თქვენ იქნებით არა თანასწორი ნაწილი ევროკავშირისა, არამედ დისკრიმინირებული, დაქვემდებარებული ერი. კიდევ ერთხელ, რა თემებს ეხება, სადაც შეიძლება ხმის უფლება შეუზღუდონ ახალ წევრებს: უსაფრთხოების საკითხები, საგარეო პოლიტიკის საკითხები, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხები; ევროკავშირის ხელშეკრულებებს, რომლებზეც დგას ორგანიზაცია, ისე შეცვლიან, რომ ახალ წევრებს, რომლებსაც მეორე კლასის წევრებად განიხილავენ, არც კი შეეკითხებიან. ამაზე ცხადად როგორ შეიძლება დავინახოთ, რომ გზა არის საბჭოთა კავშირისკენ.

ყველაზე დიდი ანტიევროპელები არიან ბრიუსელი და ის პოლიტიკური გუნდი, რომლებიც ევროკავშირის დღის წესრიგს განსაზღვრავენ. ქართულ საზოგადოებას პირდაპირ ეუბნებიან, რომ ქართველებს ხედავენ მეორეხარისხოვან ერად ევროკავშირში. არ ვიცი, ამაზე დიდი სკანდალი რა შეიძლება არსებობდეს? როგორი გატრუნული არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. გამოვიდნენ, აბა, გაბედონ და გააკრიტიკონ ბრიუსელი. გვაინტერესებს, ვისი ინტერესებია მათთვის გადამწყვეტი? დაგვანახვონ ევროკავშირის დროშით მოფრიალე  ჯგუფებმა, გაგვაგებინონ, ამ ქვეყნის ინტერესებით მოქმედებენ თუ სხვა უცხო ჯგუფების?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ.