შალვა პაპუაშვილი - „ქართულ ოცნებას“ გუნდიდან წასულების პოზიციაზე ვერ ექნება პასუხისმგებლობა, თუ არსებობს კითხვა, ელჩმა მათ უნდა მიმართოს, ჩვენ არ ვართ ადრესატი
შალვა პაპუაშვილი - „ქართულ ოცნებას“ გუნდიდან წასულების პოზიციაზე ვერ ექნება პასუხისმგებლობა, თუ არსებობს კითხვა, ელჩმა მათ უნდა მიმართოს, ჩვენ არ ვართ ადრესატი

გარკვეული კითხვები თუ არსებობს ჩვენი ყოფილი კოლეგების განცხადებებზე, ელჩს აქვს შესაძლებლობა, თავისუფლად შეხვდეს და თუ რაიმე კითხვები აქვს, ესაუბროს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ გუნდიდან წასული წევრების განცხადებებზე პასუხს ვერ აგებს.

„ვერ ვხვდები აქ რა შუაშია „ქართული ოცნების“ შემოტანა. თუ არსებობს გარკვეული კითხვები ჩვენი ყოფილი კოლეგების განცხადებებზე, ელჩს აქვს შესაძლებლობა, თავისუფლად შეხვდეს და თუ რაიმე კითხვები აქვს, ესაუბროს. ისინი არ არიან „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები. შესაბამისად, ჩვენ მათ პოზიციაზე ვერ გვექნება პასუხისმგებლობა. თუ არსებობს კითხვა, მათ უნდა მიმართოს, ჩვენ არ ვართ ადრესატი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა კომენტარი გააკეთა „ხალხის ძალის“ განცხადებებზე. „ბოლო კვირებში, მივიღე კითხვები ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომლებიც სვამენ კითხვებს იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის განმეორებას. ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.