შალვა პაპუაშვილი - პრობლემებს ეძებენ იქ, სადაც არ არსებობს, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი ევროკომისიასთან კომუნიკაციით შემუშავდა
შალვა პაპუაშვილი - პრობლემებს ეძებენ იქ, სადაც არ არსებობს, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი ევროკომისიასთან კომუნიკაციით შემუშავდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი ევროკომისიასთან მჭიდრო კომუნიკაციით შემუშავდა.

მისივე თქმით, პარტიების დაფინანსების საკითხი ერთ-ერთი მიმართულებაა.

„გამიკვირდა, რომ პრობლემებს ეძებენ იმ ადგილას, სადაც პრობლემები არ არსებობს. რაც შეეხება ამ დოკუმენტის არსს, ეს პროექტი შემუშავდა ევროკომისიასთან მჭიდრო კომუნიკაციით. პარტიების დაფინანსების საკითხს რაც შეეხება, ესეც არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც ვენეციის კომისიამ მოგვიწოდა, რომ დეოლიგარქიზაციის სისტემური მიდგომის დროს გათვალისწინებული იყოს პარტიების დაფინანსების საკითხი. კერძოდ, ორი საკითხი არის განსაკუთრებით გამოსაყოფი, ერთია პარტიის მხრიდან საერთო ხარჯის ზედა ჭერი, რომელიც დღეს უკვე დაწეულია. მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1 პროცენტი იყო და ბოლო რეფორმის შედეგად 0.05 პროცენტამდე დაიწია. მოსაზრება იყო, კიდევ ხომ არ დაიწიოს, ამიტომ მსჯელობა გვექნება, რამდენად დაიწიოს.

მეორე საკითხია იურიდიული პირების მხრიდან დაფინანსების საკითხი, პარტიის შემოწირულებების შეტანის საკითხი, რომელიც ასევე ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის მოსაზრებებია, მათ შორის იმ რისკებიდან გამომდინარე, რომ, შესაძლოა, იურიდიული პირების მეშვეობით მოხდეს ფიზიკური პირებისთვის დაწესებული ზღვრის გვერდის ავლა. საერთო ჯამში, იურიდიული პირებისგან შემოწირულებების ოდენობა ძალიან დაბალია. მაგალითად, 2020 წელს მთლიანი პარტიული შემოსავლების შემოწირულებების მხოლოდ სამი პროცენტი იყო იურიდიული პირებისგან. ასე რომ, ეს საერთო დაფინანსებასა და შემოწირულებებთან რაიმე სხვაობას არ იძლევა და დიდი მოცულობის თანხები არ არის. ოპოზიციისგან და არასამთავრობო სექტორისგან რაიმე კრიტიკული მოსაზრებები თუ იქნება, სიამოვნებით მოვისმენთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.