შალვა პაპუაშვილი - პრობლემა არ არის, რა განცხადებებს აკეთებს ესა თუ ის ადამიანი, მთავარია, ამას სწორი შეფასება მოჰყვეს საქართველოში, ვხედავთ ოპოზიციას, რომელსაც სამშობლოს არანაირი შეგრძნება არ აქვს
შალვა პაპუაშვილი - პრობლემა არ არის, რა განცხადებებს აკეთებს ესა თუ ის ადამიანი, მთავარია, ამას სწორი შეფასება მოჰყვეს საქართველოში, ვხედავთ ოპოზიციას, რომელსაც სამშობლოს არანაირი შეგრძნება არ აქვს

პრობლემა იმაში კი არ არის, ვინ რისი თქმის უფლებას აძლევს თავს, პრობლემაა ის, რა დამოკიდებულება ხვდება ამას საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მთავარია, ამას საქართველოში სწორი შეფასება მოჰყვეს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ვხედავთ ოპოზიციას, რომლისთვისაც სულერთია, რამდენად ხდება ქვეყნის შიდა საქმეებში სიტყვით თუ საქმით ჩარევა.

„ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა მოხდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილემ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი შემოაპარა. სწორედ ის იყო ამ გეგმის მთავარი ორგანიზატორი და დღემდე იმყოფება თანამდებობაზე. სამწუხაროდ, დღემდე არ გადმოსცეს საქართველოს, პირიქით, რამდენადაც ვიცი, თანამდებობაზე დააწინაურეს. ამიტომ, იმისთვის, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ კეთილგანწყობა დავინახოთ, საქართველოს უნდა გადმოსცენ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე. ამის შემდეგ შეიძლება სხვა საკითხებზე საუბარი. ქართველი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენები, საქართველოში გულაგების სისტემის შემქმნელი ადეიშვილი არის უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი და მართლმსაჯულების რეფორმებს კურირებს, ნაცვლად იმისა, რომ ექვსწლიან სასჯელს იხდიდეს საქართველოს ციხეში. ამაშია ამ მდგომარეობის მთელი ცინიზმი. რაც შეეხება არახამიას, პრობლემა იმაში კი არ არის, ვინ რისი თქმის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, ყველა ადამიანი თავისუფალია, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, პრობლემაა ის, რა დამოკიდებულება ხვდება ამას საქართველოში. ვხედავთ ოპოზიციას, რომელსაც სახელმწიფოს, სამშობლოს, ქვეყნის არანაირი შეგრძნება არ გააჩნია. მათთვის სულერთია, რამდენად ხდება ქვეყნის შიდა საქმეებში სიტყვით თუ საქმით ჩარევა. ასე რომ, პრობლემა არ არის იმაში, თუ რა განცხადებებს აკეთებს ესა თუ ის ადამიანი, არამედ მთავარია, ამას საქართველოში სწორი შეფასება მოჰყვეს. ვფიქრობ, ეს შეფასება ამ მხრივ არის მარტივი, თუ დავფიქრდებით ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და სამშობლოზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.