შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტის ვიზიტებმა ერთი ყოფითი სიბრძნე დაადასტურა, რომ არეული საქმიდან დალაგებული შედეგი ვერ გამოვა და ამას ვხედავთ
პრეზიდენტი საკუთარი უფლებამოსილების, მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტებში გაემგზავრა და საზოგადოებას ეუბნება, თითქოს ამ ვიზიტებს მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ მხარდაჭერა მოიპოვოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, თუმცა შედეგებს ვხედავთ, რაც არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააცოცხლა სანქციების თემა ლატვიის პრეზიდენტმა.
„ვნახეთ, რომ ლატვიის პრეზიდენტმა გამოაცოცხლა თემა, რომელიც დიდი ხანი დახურული იყო – სანქციების დაწესებაზე არცერთი ქვეყანა თუ ორგანიზაცია აღარ არსებობდა, რომელიც ჩვენ პირდაპირ თუ არაპირდაპირ გვეუბნებოდა რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. პირიქით, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ სანქციის დაწესებას არავინ აღარ ითხოვდა და ჩვენს სისტემას აქებდნენ. პრეზიდენტმა თავისი შეხვედრით, არ ვიცი, საუბარი რაზე ჰქონდათ, რა ჰკითხეს და რა ვერ უპასუხა, მაგრამ სანქციების დახურული თემა გააცოცხლა. ეს არის სწორედ იმის შედეგი, რომ არეული საქმიდან დალაგებული შედეგი ვერ გამოდის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.