შალვა პაპუაშვილი - პოლონეთის მთავრობას აქვს მტკიცების ტვირთი, ეჭვი გაფანტოს და არა პრეტენზიები წამოაყენოს, გუშინდელ განცხადებაში ვნახეთ, რომ ეჭვის გაფანტვას არც კი შეეცადნენ
შალვა პაპუაშვილი - პოლონეთის მთავრობას აქვს მტკიცების ტვირთი, ეჭვი გაფანტოს და არა პრეტენზიები წამოაყენოს, გუშინდელ განცხადებაში ვნახეთ, რომ ეჭვის გაფანტვას არც კი შეეცადნენ

პოლონელი ექიმების ჯგუფის მხრიდან ჩადენილმა საქციელმა წარმოშვა გონივრული ეჭვი, რასაც ერთადერთი ახსნა შეიძლება, ჰქონდეს, რომ, შესაძლოა, ჩაფიქრებული იყო ანალიზის გაყალბება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„რომ შევხედოთ, რასთან გვქონდა საქმე. გვქონდა საქმე იმასთან, რომ აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში, პოლონელი ექიმების ჩამოსვლა ლობირებული იყო და ნახეთ, რა ფული, რა ძალები და ქსელები იყო ამაში ჩართული. საქართველოს მთავრობამ ანგარიში გაუწია, მათ შორის, პოლონეთის ხელისუფლებას და მისცა შესაძლებლობა პოლონელ ექიმებს, შესულიყვნენ. ეს კეთილგანწყობა, სამწუხაროდ, ბოროტად იქნა გამოყენებული ერთ-ერთი ექიმის მხრიდან, როდესაც ის ცდილობდა მალულად, რაღაც კონტრაბანდულად გაეტანა ნიმუში, რომელიც მან აიღო. მთავარი რა არის, რომ მას ეს ნიმუშები უკვე ჰქონდა აღებული. იცით, ქრონოლოგია როგორც არის. ექიმების ეს ჯგუფი შესული იყო მიხეილ სააკაშვილთან. ყველაფერი, რაც საჭირო იყო, კვლევა იქნება თუ ა.შ. ჩაატარეს. აიღეს ანალიზები. თმის ღერი იყო თუ ა.შ. აიღეს, დალუქეს თავად, სხვებთან ერთად. გამოვიდნენ. ამის შემდეგ შებრუნდა ერთ-ერთი ექიმი და მალულად აიღო იგივე ანალიზი, თმის თუ ა.შ. და შემდეგ ახლა აქ გვეუბნებიან, რომ ადამიანს ჩვევა აქვს, თურმე იქ ჩანთაც ჰქონდა, ჯიბეც ჰქონდა და ასეთი ჩვევა აქვს, რომ ფეხსაცმელში ინახავს რაღაცებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სთხოვა განმარტება პოლონეთის საელჩოს.

„იცით, რომ ელჩის მოადგილემ, რომელიც მისული იყო, თქვა, რომ ინფორმაცია არ ჰქონდა. ამიტომ ეთხოვა მას, რომ მთავრობასთან გაეარა კონსულტაცია, რა ახსნა ექნებოდა ამას. გუშინ ჩვენ ვნახეთ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელმაც ასევე არანაირი ახსნა არ მოგვცა. შესაბამისად, ახლა არის ასეთი სიტუაცია, რომ ფაქტია, რომ თავად პოლონეთის მთავრობის მიერ წარმოგზავნილი ამ ჯგუფის მიერ და ამ ჯგუფის მხრიდან ჩადენილმა საქციელმა წარმოშვა გონივრული ეჭვი, რასაც ერთადერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს, რომ, შესაძლოა, ჩაფიქრებული იყო ანალიზის გაყალბება და სწორედ იმ სცენარიდან გამომდინარე, რომელიც აქამდე ვიხილეთ, ეს ეჭვი წარმოიქმნა. შესაბამისად, პოლონეთის მთავრობას აქვს ახლა მტკიცების ტვირთი, რომ ეს ეჭვი გაფანტოს, არა პრეტენზიები წამოაყენოს, იქ რატომ იყო კამერა, რატომ იდგა თურმე პალატასთან ან ა.შ. არამედ უნდა გაფანტოს ეჭვი. სამწუხაროდ, გუშინდელ განცხადებაში ვნახეთ, რომ ამ ეჭვის გაფანტვას არც კი შეეცადა პოლონეთის ხელისუფლება. ამიტომ ეს ვალი მათ კვლავ რჩებათ, რომ განმარტონ, რა იყო ამ საქციელის მოტივი. ჩვენ ვნახეთ, რა არის საქციელი, ჩვენ არ მოგვისმენია, რა იყო მოტივი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, ეს მოტივი ვიცოდეთ, ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლების კეთილგანწყობა იქნა ბოროტად გამოყენებული. რა თქმა უნდა, ეს ნდობას არყევს, როდესაც ასეთი ქმედებები ხდება და არ მოსდევს რაიმე გონივრული განმარტება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ ჯერჯერობით ვერ მოვისმინეთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა. ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. გუშინ განცხადება გაავრცელა პოლონეთის საგარეო უწყებამ, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა ემოციური განცხადებები ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს.