შალვა პაპუაშვილი – პოლიტიკური განცხადებებითა და ინსინუაციებით საქართველოში მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლა არავის გამოსვლია, წარდგენილია ბრალი, რასაც სჭირდება სამართლებრივი პასუხები

12:01, 09.09.2026

პოლიტიკური განცხადებებითა და ინსინუაციებით საქართველოში მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლა არავის გამოსვლია.  სისხლისსამართლებრივი საქმის პოლიტიზების მცდელობას ყველანაირად უნდა შევეწინააღმდეგოთ. ბრალია წარდგენილი და სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები. არსებობს ჩვენებები, აღიარებები და ამ კითხვებზეა პასუხი გასაცემი და არა პოლიტიკური ინსინუაციებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებაზე, სადაც შალვა პაპუაშვილს მიმართა: „შალვა, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი – ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური დევნა“.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არასწორია, როდესაც ხდება ისეთ პოლიტიკურ ინსინუაციებში შესვლა, რომლებიც სცდება არამხოლოდ რეალობას, არამედ არასწორიცაა.

„საუბარი როდესაც არის ადამიანზე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ამ ადამიანმა მძიმე ცოდვები დაიდო, ცილი დასწამა და თავი მოიკლა. ის ადამიანები, რომლებიც მას და მის სიტყვებს იარაღად იყენებენ, მისი ყველაზე დიდი მტრები არიან. ადამიანი ასეთი დამძიმებული წავიდა, რაიმეს თუ სცემენ პატივს, ამ ადამიანის სული მოასვენონ. ადამიანმა ცილი დასწამა, თავი მოიკლა, დიდი ცოდვა ჩაიდინა, სჯობს ამ ადამიანის სული მოასვენონ. მძიმეა ამის ყურება, ხდება გარდაცვლილი ადამიანით სპეკულირება. ყველამ იცის ამ საქმის გარემოებები, მასთან დაკავშირებით ყველაფერი. ქართული მართლმსაჯულება და ქართული სახელმწიფო აჩვენებს ერთ რამეს, რომ მართლმსაჯულება მშვიდად მიჰყვება სამართლებრივ პროცესს, არვის აძლევს საშუალებას, გაუფანტოს აზრები და პოლიტიკურ პროცესში გადაიყვანოს, განიხილავს ობიექტურად, დგება განაჩენები. ეს განაჩენები არაერთხელ გადამოწმებულა სტრასბურგის სასამართლოში და ყოველ ჯერზე საქართველოს მართლმსაჯულებას დაუდასტურებია, რომ მოქმედებს პროფესიონალურად და სამართლიანად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი